სუს-ის ანგარიში

სუს-ი: ანტიდასავლური განწყობების გაღვივება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ამოცანაა

რუსთავი 2

ანტიდასავლური განწყობის გაღვივება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს დღეს წარედგინა.

ანგარიშის მიხედვით, ეს მათ ამოცანებს ასევე წარმოადგენს: 

  • ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება;
  • საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა;
  • საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობის, უიმედობისა და ნიჰილიზმის გაჩენა;
  • ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა, რათა ქვეყანაში განვითარდეს დეზინტეგრაციული პროცესები და მოხდეს ქართული საზოგადოების პოლარიზაცია.

სუს-ი აღნიშნავს, რომ  უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები სხვადასხვა საქმიანობის საფარქვეშ (დიპლომატიური, კულტურული, ჰუმანიტარული, რელიგიური, კომერციული და სხვა), მუდმივად ცდილობენ, შეაღწიონ ხელისუფლების ორგანოებსა და ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში, მოიპოვონ მათთვის სასურველი/საიდუმლო ინფორმაცია, შექმნან/გააფართოონ ჯაშუშური ქსელი.

მათი მიზანია, გავლენა იქონიონ ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, სამხედრო და ეკონომიკურ პროცესებზე.

სუს-ი ამბობს, რომ საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები კვლავ აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას, რომლის საშუალებითაც პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის კომპონენტების, კიბეროპერაციებისა და ცალკეული კიბერშეტევების, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივ–პოპულისტური გაერთიანებების გამოყენებით, სასურველი შედეგის მიღებას ცდილობენ. 

”ჰიბრიდული ომის“ პირობებში სასურველი მიზნის მისაღწევად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ენერგეტიკულ და ეკონომიკურ რესურსებს ზეგავლენის იარაღად იყენებენ, ახორციელებენ ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციისა და მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობას ფარული სპეციალური ღონისძიებების გზით. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა უცხო ქვეყნების იმ სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ წარმოებაში. მათ მიერ შემუშავებული ტაქტიკა გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მიმართულია ქვეყანაში ეროვნული ინტერესების, დემოკრატიული ღირებულებების, ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ანგარიშში. 

კომენტარები