აზიური ფაროსანა

თბილისში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სადგური დამონტაჟდა

USDA

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მიმდინარეობს. სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა ფერომონიანი დამჭერების განთავსება ქალაქის ცენტრალურ უბნებში უკვე დაიწყეს.

თბილისის მასშტაბით სულ მონიტორინგის 250 სისტემა განთავსდება. იმ შემთხვევაში თუ სისტემა ფაროსანების მნიშვნელოვან პოპულაციას გამოავლენს სურსათის ეროვნული სააგენტო მერიასთან ერთად დაგეგმავს საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებას.

სურსათის ეროვნულ სააგენტოს შეძენილი აქვს შესაბამისი შხამ-ქიმიკატები და ფერომონიანი დამჭერები, რომლებიც 1 მილიონი ჰექტარის დამუშავებისთვისაა საკმარისი. 

1 მილიონი ჰეტქარი 10,000 კვადრატული კილომეტრია, შედარებისთვის იმერეთის ფართობი 6,475 კვადრატული კილომეტრია.

საქართველოში ფაროსანა პირველად 2015 წელს გამოჩნდა, მაშინ ამ მავნებელს სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუყენებია. 2016 წლის ოქტომბერში ფაროსანამ მედიის ყურადღება პირველად მიიპყრო. მაშინ სამინისტრომ განაცხადა რომ ამ მავნებელთან ბრძოლას 2017 წლიდან დაიწყებდა.

იმის გამო რომ ფაროსანა ძალიან მაღალი ტემპით მრავლდება - ერთი ფაროსანა 200 კვერცხს დებს, 2017 წელს დაწყებული საწინააღმდეგო კამპანია დაგვიანებული აღმოჩნდა და მისმა შემოსევამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. 

წელს ფაროსანა გააქტიურებას და ბუდეებიდან გამოსვლას სავარაუდოდ აპრილის ბოლოდან დაიწყებს.

კომენტარები