სავალუტო რეზერვები

გვენეტაძე: სავალუტო ინტერვენციები რეზერვების შევსების ყველაზე კარგი საშუალებაა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განმარტება გააკეთა თუ რატომ განახორციელა სებ-მა გუშინ სავალუტო ინტერვენცია. 3 აპრილს ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან $20 მილიონი შეისყიდა. 

გვენეტაძის თქმით, დღეს სავალუტო რეზერვების მოცულობა არ არის ადეკვატური და საჭიროა ის გაიზარდოს, სავალუტო ინტერვენციები კი მისი შევსების ყველაზე კარგი საშუალებაა. გვენეტაძე ამბობს, რომ ინტერვენციები გაკეთდება ისე რომ გაცვლითი კურსის მიმართულება არ შეიცვალოს. 

"ეროვნული ბანკი ასეთ ინტერვენციას აუცილებლად განახორციელებს. ეს არის ყველაზე კარგი საშუალება იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შეივსოს. მოგეხსენებათ, დღესდღეობით ეროვნული ბანკის რეზერვები არ არის ადეკვატური და საჭიროა მათი ზრდა, ვინაიდან ეს მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის", - ინტერპრესნიუსის ინფორმაციით ამბობს გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეისთვის ეროვნული ბანკის რეზერვები $3 მილიარდს შეადგენს. საქართველომ სავალუტო კრიზისის გამო რეზერვების გარკვეული ნაწილი დაკარგა. 2013 წლამდე არსებულ მაჩვენებლებს რეზერვები მხოლოდ 2017 წლის ბოლოს დაუბრუნდა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციით, ქვეყნების სავალუტო რეზერვები მათი სამი თვის იმპორტის მაჩვენებლებზე ნაკლები არ უნდა იყოს, რაც საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით $1.9 მილიარდია. სავალუტო რეზრვების ზრდა ქვეყნის ფინანსურ დამოუკიდებლობასა და მის სუვერენულ საკრედიტო რეიტინგზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ამიტომაც მათი დონის 3 თვის იმპორტზე მაღლა შენარჩუნებაა სასურველი.

2014 წელს ეროვნულმა ბანკმა $300 მილიონი გაყიდა და $200 მილიონი შეისყიდა. 2015-ში სებ-მა $286 მილიონი დოლარი გაყიდა, ამ წელს ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო ეროვნულ ბანკს რეზერვები არ შეუსყიდია. 2016 წელს კი სებ-მა სავალუქტო აუქციონზე $280 მილიონი დოლარი გაყიდა და $278 მილიონი შეისყიდა.

2017 წელს სებ-ს რეზერვები არ გაუყიდია, მან $129.7 მილიონი დოლარი შეისყიდა.

რაც შეეხება გაცვლით კურსს ის დღეის მდგომარეობით დოლართან მიმართებით 2.39-2.40-ზეა. კურსი ბოლო ორი თვის განმავლობაში დოლართან მიმართებით 2.46-2.40-ის ფარგლებში მერყეობდა.

 

კომენტარები