ევროპული საქართველო

უგულავა ბრალდებაზე: იუსტიციის სამინისტროში ქალებით მანიპულირება გრძელდება

გიგი უგულავა
ტაბულა

ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვანსა და ხონში, გიგი უგულავა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლებმაც გუშინ უგულავა დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს. 

გიგი უგულავას შეფასებით, უწყების თანამშრომელი ქალების მიერ გავრცელებული წერილი აჩვენებს, რომ საჯარო სამსახურებში ქალებით მანიპულირებენ.

"ეს წერილი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ საჯარო სამსახურში, კერძოდ იუსტიციის სამინისტროში, კვლავ ხდება ქალებით მანიპულირება. მსხვერპლის გამბედაობის და საზოგადოებრივი წნეხის შედეგად ქ-ნ წულუკიანს მოუწია პაპუნა უგრეხელიძის გათავისუფლება, მაგრამ ახლა სამსახურის დაკარგვის შიშით რეესტრის თანამშრომლებს იძულებულს ხდის კაპრიზები მორჩილად აღუსრულონ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თეა წულუკიანი უგრეხელიძის მფარველი იყო და რომ არა საზოგადოებრივი წნეხი, სავარაუდო მოძალადე არ დაისჯებოდა. ასეთ შემთხვევებში უნდა გაგრძელდეს შესაძლო მსხვერპლთა საზოგადოებრივი თანადგომა.

მე პირადად ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ქალებმა საჯარო სამსახურში თუ მის გარეთ თავი თავისუფლად და დაცულად იგრძნონ,"- აცხადებს უგულავა. 

მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის უფროსი ყოფილმა თანამშრომელმა მუქარაში, სექსუალურ და სქესის ნიშნით შევიწროებაში დაადანაშაულა, საჯარო რეესტრის სხვა თანამშრომელთა ჯგუფი სქესის ნიშნით დისკრიმინაციაში გიგი უგულავას ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადებით მათ სახალხო დამცველს მიმართეს. როგორც თავად ამბობენ, მიმართვას რეესტრის 500-ზე მეტი თანამშრომელი უერთდება. ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ თანამშრომლებს ხელმოწერას აიძულებენ.

საქმე ეხება ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის Facebook პოსტს, რომლითაც ის პაპუნა უგრეხელიძის ბოლო სამუშაო დღის ამსახველ ფოტოს გამოეხმაურა. ფოტო, სადაც მუქარაში და შევიწროებაში დადანაშაულებული უგრეხელიძე მხარდამჭერ თანამშრომლებთან ერთადაა, უგულავამ პარლამენტში ქალთა კვოტების საწინააღმდეგო არგუმენტად მოიყვანა:

"სტატუს კვოს შენარჩუნება, ქალთა მიმართ ძალადობის დაკანონება, ქალი დეკორაცია - ესაა კვოტები და ამ სურათის სათაური. ამ სურათზე უგრეხელიძეზე სამარცხვინო ეს გაბადრული ქალები არიან", - დაწერა მან.

იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების განცხადება იხილეთ აქ

კომენტარები