აშშ-რუსეთი

აშშ-მა შესაძლოა პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქებს ახალი სანქციები დაუწესოს

ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი
Getty Images

გავრცელებული ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რამდენიმე რუს ოლიგარქს, რომელთაც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კავშირები აქვთ, 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისათვის სანქციებს დაუწესებს.

სავარაუდოდ, სანქციების შესახებ ოფიციალურად ცნობილი მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება.

გარდა ამისა, CNN-ის ცნობით, სპეციალური გამომძიებელი რობერტ მიულერი აშშ-ში ჩასული რუსი ოლიგარქების ტრამპის კამპანიისა და ინაუგურაციის დაფინანსებასთან კავშირს იძიებს.

კრემლი გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დაელოდებიან შემოიღებს თუ არა აშშ ახალ სანქციებს ოლიგარქების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ე.წ. "კრემლის სია" გამოაქვეყნა და მასში პუტინის უახლოესი გარემოცვა მოხვდა, მათ შორის 114 პოლიტიკოსი და 96 ოლიგარქი. მაშინ სამინისტრომ განმარტა, რომ ეს ახალი სანქციების სია არ არის და ასევე განაცხადა, რომ კონგრესს მეორე ანგარიშიც მიაწოდეს, რომლის შინაარსი არ საჯაროვდება, თუმცა შესაძლოა სხვა სახელებს და სანქციებსაც შეიცავდეს.

"კრემლის სიის" მიზანი იმ ინდივიდების იდენტიფიცირება იყო, ვინც ქონება კრემლთან უკანონო კავშირებით შეიძინა, თუმცა კონგრესისათვის წარდგენამდე ეს ანგარიში რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნების და ოლიგარქების სიით შეიცვალა. უცნობია ვინ შეცვალა ანგარიში. კრიტიკოსებმა ახალ ანგარიშს კრემლის სატელეფონო წიგნაკის ამონარიდი უწოდეს.

მაშინ სახაზინო დეპატამენტის ხელმძღვანელმა, სტივენ მნუჩინმა თქვა, რომ ადმინისტრაცია ახალ სანქციებზე მუშაობდა, რომელიც ე.წ. "კრემლის სიაში" შეყვანილ პირებსაც დაუწესდებოდათ. 

კომენტარები