facebook

Facebook-ი ამოწმებს ყველაფერს, რასაც მესენჯერში წერთ

0 კომენტარი
ფოტო: The VPN Guru

Facebook-ი მომხმარებლების პირად მიმოწერაში გაგზავნილ ბმულებს და სურათებს ამოწმებს - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. კომპანიის მოდერატორები მომხმარებლების მიერ მონიშნულ (flagged) მიმოწერასაც კითხულობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ მიმოწერის შემადგენლობა კომპანიის წესებს არ ეწინააღმდეგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბმულები, სურათები და შეტყობინებები იშლება ან იბლოკება.

კომპანიამ ამ პრაქტიკის არსებობა მას შემდეგ დაადასტურა, რაც facebook-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელის, მარკ ცუკერბერგის ინტერვიუს გამოქვეყნებამ საზოგადოებაში "Messenger"-ის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.

ცუკერბერგი იხსენებს, როგორ მიიღო სატელეფონო ზარი მიანმარის ეთნიკური წმენდის შესახებ. Facebook-მა დაადგინა, რომ ადამიანები მესენჯერის საშუალებით სენსაციური შეტყობინებების გავრცელებას ცდილობდნენ:

"ამ შემთხვევაში, ჩვენი სისტემები ადგენს, რა ხდება. ჩვენ ასეთი შეტყობინებების გაგზავნას ხელს ვუშლით" - ამბობს ცუკერბერგი.

პრაქტიკის დადასტურებას საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა: კითხულობს თუ არა Facebook-ი ყველა შეტყობინებას, რომელსაც ჩვენ ვაგზავნით?

ბოლო დროის განმავლობაში, კომპანიას ხშირად აკრიტიკებენ იმისათვის, რომ მან ვერ უზრუნველყო პირადი მონაცემების სათანადო დაცულობა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ამტკიცებს, რომ მიმოწერიდან შეგროვებული ინფორმაცია მიზნობრივი რეკლამისთვის არ გამოიყენება, პრაქტიკის დადასტურებამ მომხმარებლების შეშფოთება გამოიწვია.

Bloomberg-თან საუბრისას, კომპანიამ განაცხადა, რომ მესენჯერის ყველა მიმოწერა კონფიდენციალურია. Facebook-ი მას ამოწმებს და იყენებს ხელსაწყოებს, რათა სოციალური ქსელის ბოროტად გამოყენება აღკვეთოს. მიმოწერის გადამოწმება, გასაჩივრების შემდეგ, შეუძლიათ როგორც მოდერატორებს, ასევე ავტომატურ ხელსაწყოებს.

"მაგალითად, როდესაც აგზავნით ფოტოს, ჩვენი ავტომატური სისტემები ამოწმებენ მას, იყენებენ ტექნოლოგიას, რომელსაც ბავშვების ექსპლუატაციის იდენტიფიცირება შეუძლია. როდესაც ბმულს აგზავნით, ის ვირუსებზე მოწმდება. ეს ხელსაწყოები შევიმუშავეთ იმისთვის, რომ სოციალურ ქსელში არასათანადო ქცევა შევაჩეროთ" - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
 

Cambridge Analytica-ს ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, სოციალური ქსელი პირად მონაცემებთან დაკავშირებული პოლიტიკის შესაცვლელად მუშაობს.

10 აპრილს მარკ ცუკერბერგი ამერიკის კონგრესის წინაშე წარდგება. ის სოციალური ქსელის მიერ შეგროვებულ ინფორმაციასთან და პირად მონაცემებთან მოპყრობის შესახებ ჩვენებას მისცემს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები