უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტაში

ქუმსიშვილი: კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სამთო დარტყმა იყო, ქანები ჩამოიშალა

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

ეკონომიკის მინისტრისა და ვიცეპრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ის შეხვდა კომპანიის წარმომადგენლებს და გაეცნო ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის დეტალებს.

"ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ჩვენ შეგვემთხვა და ამ ტრაგედიას, რა თქმა უნდა, ვერაფერი გადაფარავს. კომპანიის წარმომადგენლებთან მე მქონდა ძალიან დეტალური საუბარი. მათ ამიხსნეს თუ რა მოხდა, თვითონ შახტაში. გამოძიება უკვე დაწყებულია, გარდაცვლილები გადაყვანილი არიან ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, სამი დაშავებული არის საავადმყოფოში, მათი მდგომარეობა სტაბილურია,"- თქვა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევა ქანების ჩამოშლამ გამოიწვია.

"რამდენადაც კომპანიის წარმომადგენლებისგან მე მივიღე ინფორმაცია, თუმცა ჩვენი სამშენებლო ზედამხედველობისა და ინსპექტირების სპეციალისტები უკვე აქ არიან და ისინი უკვე შეუდგნენ საქმეს და ეცნობიან, ეს იყო სამთო დარტყმა, რაც ნიშნავს იმას, რომ იყო ჩამოშლა გარკვეულ ადგილას ქანების, რომელმაც გამოიწვია უკვე ჰაერის ტალღა, რამაც გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა,"-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დღეს, გამთენიისას ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

კომენტარები