ტექდათვალიერება

ტექდათვალიერებაზე გასული ავტომობილების 26% პირველად ტესტირებაზე ჩაიჭრა

Bayram Isgandarov / newscafe.ge

2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ტექდათვალიერება აღდგა. ჯერ-ჯერობით ავტომობილის შემოწმების ვალდებულება ყველა ავტომობილზე არ ვრცელდება, მას ახლა მხოლოდ იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები, 3.5 ტონაზე მძიმე ტრანსპორტი და 8 ადგილზე უფრო დიდი ტევადობის ავტომობილები გადიან. 2019 წლიდან შემოწმების ვალდებულება ყველა ავტომობილზე გავრცელდება. 

ინტერპრესნიუსმა ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რამდენიმა ავტომობილმა გაიარა დღემდე ტესტირება და მათი რა ნაწილი ჩაიჭრა. სამინისტროს პასუხის მიხედვით, იანვარ-მარტში ტესტირებაზე სულ 19464 ავტომობილი იყო მისული, საიდანაც 26% ანუ 5050 ავტომობილი ტესტირების პირველ ჯერზე ჩაიჭრა. ამ ავტომობილებს ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებისთვის ერთთვიანი ვადა მიეცათ. განმეორებით ტესტირებაზე კი 134 ავტომობილი ჩაიჭრა, შესაბამისად ამ ავტომობილებს მოძრაობის უფლება შეუჩერდათ.

ტესტირება ავტომობილის გამართულობის თითქმის ყველა ასპექტს ეხება დაწყებული მუხრუჭებით, დამთავრებული გამონაბოლქვში მავნე აირების შემცველობით. ტესტირების საფასური მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი იქნება, თუ ავტომობილი პირველ ჯერზე ვერ გაივლის ტესტირებას მას ხარვეზების გამოსასწორებლად 1 თვე მიეცემა, რის შემდეგაც ის ხელმეორე ტესტირებაზე გავა, თუ მეორე ტესტირებაც წარუმატებლად გაიარა, მაშინ ავტომობილს მოძრაობის უფლება ჩამოერთმევა.

ამ პირველად შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ვარაუდის გაკეთება, რომ მომავალშიც ავტომობილების დაახლოებით ერთი მეოთხედი ტესტირების მოთხოვნებს პირველივე ჯერზე ვერ დაძლევს. შესაბამისად მათ ავტომობილის შეკეთება დასჭირდებათ. თუ ავტომობილი ხელმეორე ტესტირების შემდეგაც ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს მას მოძრაობის უფლება შეუჩერდება. მოძრაობის უფლების გარეშე კი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მანქანა ღირებულებას დაკარგავს და ის უბრალოდ ჯართად იქცევა. 

რა შეიძლება იყოს სავალდებულო ტექდათვალიერებით მოსახლეობისთვის გამოწვეული ხარჯი თუ მომავალშიც ავტომობილების 26%-მა ტესტირება პირველივე ჯერზე ვერ გადალახა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 1.19 მილიონი ავტომობილი. მათი უმეტესი ნაწილი მოძველებულია. სტატისტიკის მიხედვით, ავტომობილების 90% (1.08 მილიონი ავტომობილი) 10 წელზე დიდი ხნის წინაა გამოშვებული, მათი 46.1% (550 ათასი ავტომობილი) კი 20 წელზე ძველია. 

გამოშვების წლების მიხედვით ავტომობილების ზუსტი სტატისტიკა:

  • 1-დან 3 წლამდე - 15 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 1.2%
  • 4-დან 6 წლამდე - 27 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 2.2%
  • 7-დან 10 წლამდე - 63.8 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 5.3%
  • 11-დან 20 წლამდე - 450 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 45%
  • 20+ წლის - 550 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 46.1%

მოძველებული ავტოპარკი კი ნიშნავს, რომ ავტომფლობელებს ტესტირების წარმატებით გავლისთვის გარკვეული დანახარჯების გაღება მოუწევთ, რაც მათთვის ტესტირების ღირებულებასთან (60 ლართან) ერთად დამატებით დანახარჯს წარმოადგენს.

1.19 მილიონი ავტომობილის ტესტირებაზე გაყვანა (60 ლარის მოსაკრებლის პირობებში) 71.6 მილიონი ლარი დაჯდება. ეს ნიშნავს რომ ავტომობილის მხოლოდ ტესტირებაზე მიყვანა საქართველოს მოქალაქეებს თითქმის 72 მილიონი ლარი დაუდჯებათ.

რეფორმა მოსახლეობას საკუთარი ავტომობილის მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებამდე გამართვას ავალდებულებს, ეს კი ნიშნავს რომ მათ სხვადასხვა სახის ტექნიკურ შეკეთებებზე მილიონობით ლარის დახარჯვა მოუწევთ.

ავტომობილებს, რომლებიც პირველად ტესტირებაზე მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ მიეცემათ ერთთვიანი ვადა, რათა ტექნიკური ხარვეზები გამოასწორონ და ხელახალ ტესტირებაზე გავიდნენ.

ხელახალი ტესტირებისთვის მომზადება ავტომფლობელთათვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს (სერვისცენტრში მიყვანის ხარჯები და დრო რომელიც ავტომობილის შეკეთებასთანაა დაკავშირებული, რადგანაც ამ პერიოდში ავტომფლობელები ავტომობილს ვერ იყენებენ). 

თუ ჩაჭრის მაჩვენებელი მომავალშიც 26%-ზე შენარჩუნდა, გამოვა რომ ტესტირების პირველ ჯერზე 297 ათასი ავტომობილი ჩაიჭრება. იმ შემთხვევაში თუ დავუშვებთ, რომ ერთი ავტომობილის შეკეთების გასაშუალოებული ღირებულება 500 ლარი იქნება, მოსახლეობისთვის "ჩაჭრილი" ავტომობილების შეკეთების მთლიანი ხარჯები ასეთი შეიძლება იყოს:

297,000 X 500 = 148,750,000 ლარი

შესაბამისად, განმეორებით ტესტირებაზე ავტომობილების მიყვანა მოსახლეობას 148 მილიონი შეიძლება დაუჯდეს. არსებობს რისკი, რომ ავტომობილმა განმეორებითი ტესტირებაც ვერ დააკმაყოფილოს, ამ შემთხვევაში მას მოძრაობის უფლება სრულად შეუჩერდება. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილების გარკვეული რაოდენობა უბრალოდ ჯართად იქცევა. თურქეთის შემთხვევაში, ტექდათვალიერების ამოქმედების შედეგად ავტოპარკის 3-4%-ს მოუწია გაჩერება. 

რეფორმა მოსახლეობას საკუთარი ავტომობილების შეკეთებისკენ უბიძგებს, რაც ავტოსერვისზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს, რის შედეგადაც შესაძლოა, სერვისის ღირებულება გაიზარდოს. 

კომენტარები