ზაზა სიამაშვილი

GIPA-მ ზაზა სიამაშვილთან კონტრაქტი შეწყვიტა არაეთიკური განცხადების გამო

GIPA

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) მოწვეულ ლექტორს, ზაზა სიამაშვილს, არაეთიკური განცხადებების გამო, კონტრაქტი შეუწყვიტა და სამსახურიდან გაათავისუფლა.

"ჩვენი მოწვეული ლექტორის ზაზა სიამაშვილის საკითხი გავიდა რექტორატზე განსახილველად. რექტორატმა იმსჯელა და რექტორის ბრძანებით შეიქმნა დისციპლინური კომისია საკითხის განსახილველად. კომისიამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა GIPA-ს ეთიკის კოდექსის უხეშ დარღვევას. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ კომისიის წევრებმა დაადგინეს, რომ ზაზა სიამაშვილის მიერ დაირღვა GIPA-ს ეთიკისა და ქცევის კოდექსის მე-3 მუხლი, სადაც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული ლექტორები თავს იკავებენ სოციალური ქსელით ან მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობის საჯარო გამოსვლის განცხადების გაკეთებისგან, რაც შეუფერებელია ლექტორის სტატუსთან ან პირდაპირ ან ირიბად ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ან სტუდენტების პატივს, ღირსებას ან რეპუტაციას.

დაირღვა ასევე მეორე მუხლიც, რომელიც აპელირებს ასევე საერთო საუნივერსიტეტო ღირებულებისადმი პატივისცემის აუცილებლობაზე და მათ ინტეგრირებაზე სასწავლო პროცესში. უნივერისიტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული ლექტორები ხელს უწყობენ სტუდენტებში დემოკრატიული სამართლიანობის ურთიერთპატივისცემას, ადამიანის უფლებათა დაცვის ღირებულების ჩამოყალიბებას.

ამ ორი პუნქტის, GIPA-ს ეთიკის კოდექსის, დარღვევის საფუძველზე უკვე ამ დისციპლინურმა კომისიამ გამოიტანა სარეკომენდაციო სახის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ზაზა სიამაშვილის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას GIPA-ს ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი დისციპლინარული სასჯელი ანუ სამსახურიდან დათხოვნა. კომისიის გადაწყვეტილება წარედგინა რექტორატს, რექტორატზე განიხილეს აღნიშნული საკითხი და გადაწყდა შემდეგი, რომ GIPA-ს მოწვეულ ლექტორს ზაზა სიამაშვილს შეუწყდეს კონტრაქტი," - განაცხადა GIPA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თინათინ კლდიაშვილმა ტაბულასთან.

ზაზა სიამაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე არაეთიკური შინაარსის შემცველი პოსტი დაწერა. ის ქალების სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, ბოლო დროს გავრცელებულ ფაქტებს გამოეხმაურა.

 "რატომ ლაპარაკობენ სექსუალურ შევიწროვებაზე უმახინჯესი "ვითომ" ქალები?! შურის გამოხატვის ახალი ფორმაა თუ უპერსპექტივო ცხოვრების?! რა გეშველებათ?! შევიწროვება კი არა, გაგყრიდით ამ ქვეყნიდან!" - წერს ზაზა სიამაშვილი.

კომენტარები