სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე

იულია სკრიპალის განცხადების მიხედვით მისი მდგომარეობა უმჯობესდება

იულია სკრიპალი
BBC

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის ქალიშვილის განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით იულია სკრიპალის მდგომარეობა უმჯობესდება.

"დაახლოებით ერთი კვირის წინ მოვედი გონს. მიხარია, რომ ძალა მემატება ყოველ დღე. მადლობას ვუხდი ბევრ ადამიანს ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ადამიანებს სოლსბერიდან, რომლებიც მე და მამაჩემს დაგვეხმარნენ." ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, სერგეი სკრიპალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

გუშინ, რუსულმა მედიამ გაავრცელა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც მათივე მტკიცებით იულია და მისი რუსეთში მცხოვრები ნათესავი - ვიქტორია საუბრობენ. 

ჩანაწერში იულია ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა და მას მალე გამოწერენ. ამბობს იმასაც, რომ მამამისი კარგადაა. 

საუბარში ნახსენებია ბრიტანეთის ვიზაც - რუსეთში მცხოვრები ნათესავი ამბობს, რომ ვიზას თუ მიიღებს, ბრიტანეთში ჩავა. 

იულია პასუხობს, რომ ვიქტორიას ვიზას არავინ მისცემს.

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა საეჭვოა, რადგანაც სერგეი სკრიპალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 

ეჭვებს ბადებს ვიზაზე საუბარიც, რადგან გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სკრიპალების ნათესავ ვიქტორიას ვიზა 5 აპრილს უნდა მიეღო.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის რუსული ქიმიური იარაღით, "ნოვიჩოკით" მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

150-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს სხვადასხვა ქვეყნიდან, რასაც რუსეთმა იმავე რაოდენობის დიპლომატების გაძევებით უპასუხა.

კომენტარები