ტყიბულის შახტა

ილია II შახტაზე: უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მეტი ზრუნვა გვმართებს სიცოცხლის დასაცავად

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტყიბულის შახტაში გარდაცვლილი მუშების ოჯახებს უსამძიმრებს. განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. 

"დიდია ჩვენი გულისტკივილი ტყიბულის შახტაში ახლახან მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ, ალბათ, მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად. აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულების საოხად, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დაუმკვიდროს პავლეს, გიორგის, ელჰუჯას, გოგა-გიორგის, მირზას და ბესარიონის (ბესიკის) უკვდავნი სულნი, ხოლო მათი ოჯახების წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა მოვემზადოთ. იმქვეყნად წასულთ კი ლოცვითა და ღვთისათნო საქმეებით შევეწიოთ." - წერია პატრიარქის განცხადებაში.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში გუშინ გამთენიისას ჭერი ჩამოინგრა, შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა სამი კი მძიმედ დაშავდა.

კომენტარები