საქართველო-ლიტვა

ელჩი: ლიტვურ ენაში დამკვიდრდება და საქართველოს მოიხსენიებენ, როგორც Sakartvelo

პირველი არხი

ლიტვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრდება საქართველოს ავთენტურ დასახელებაზე (Sakartvelo) დამყარებული სახელწოდება, – ეს პირველ არხს ლიტვაში საქართველოს ელჩმა, ხათუნა სალუქვაძემ უთხრა. 

ლიტვა იქნება პირველი სახელმწიფო, რომელიც თავის ენაზე ქვეყანას საქართველოდ მოიხსენიებს. ეს ჟესტი ლიტვის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

„ლიტვის რესპუბლიკის ენის სახელმწიფო კომისია განაგრძობს ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების შესაძლო დამკვიდრების საკითხის განხილვას. აღსანიშნავია, რომ 5 აპრილს კომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, რომ ლიტვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრდეს საქართველოს ავთენტურ დასახელებაზე (Sakartvelo) დამყარებული სახელწოდება, რომელიც გამოყენებულ იქნება ლიტვურ ენაში საქართველოს ამჟამად არსებულ დასახელებასთან ერთად (Gruzija)“, – თქვა სალუქვაძემ პირველ არხთან. 

მისივე თქმით, დაახლოებით ერთ თვეში დაზუსტდება საქართველოს (Sakartvelo) როგორ მოარგებენ ლიტვურ დაბოლოებებს და გრამატიკის წესებს. სალუქვაძის განმარტებით, გარდა ქვეყნის დასახელებისა, კომისია განსაზღვრავს საქართველოს მცხოვრებლების, ქართული ენისა და ეროვნების აღმნიშვნელი შესაბამის სახელწოდებებს და ყველა დასახელება ფორმირებული იქნება სიტყვიდან „საქართველო“.

კომენტარები