აშშ-რუსეთი

აშშ ახალ სანქციებს აწესებს პუტინის ახლო გარემოცვის მიმართ

ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი
Getty Images

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ათეულობით რუს ოლიგარქს, რომელთაც რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ახლო კავშირები აქვთ და კომპანიებს ფლობენ, ახალი სანქციები დაუწესა.

რუს ოლიგარქებს შორის არიან ოლეგ დერიპასკა, კირილ შამალოვი, იგორ როტენბერგი, ვიქტორ ვეკსელბერგი და სხვა.

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ახალი სანქციები პასუხია მოსკოვის მტრულ კიბერ თავდასხმებსა და სირიის ომში მონაწილეობაზე.

შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ე.წ. "კრემლის სია" გამოაქვეყნა და მასში პუტინის უახლოესი გარემოცვა მოხვდა, მათ შორის 114 პოლიტიკოსი და 96 ოლიგარქი. მაშინ სამინისტრომ განმარტა, რომ ეს ახალი სანქციების სია არ არის და ასევე განაცხადა, რომ კონგრესს მეორე ანგარიშიც მიაწოდეს, რომლის შინაარსი არ საჯაროვდება, თუმცა შესაძლოა სხვა სახელებს და სანქციებსაც შეიცავდეს.

"კრემლის სიის" მიზანი იმ ინდივიდების იდენტიფიცირება იყო, ვინც ქონება კრემლთან უკანონო კავშირებით შეიძინა, თუმცა კონგრესისათვის წარდგენამდე ეს ანგარიში რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნების და ოლიგარქების სიით შეიცვალა. უცნობია ვინ შეცვალა ანგარიში. კრიტიკოსებმა ახალ ანგარიშს კრემლის სატელეფონო წიგნაკის ამონარიდი უწოდეს.

მაშინ სახაზინო დეპატამენტის ხელმძღვანელმა, სტივენ მნუჩინმა თქვა, რომ ადმინისტრაცია ახალ სანქციებზე მუშაობდა, რომელიც ე.წ. "კრემლის სიაში" შეყვანილ პირებსაც დაუწესდებოდათ.

კომენტარები