ტყიბულის სოლიდარობის აქცია

ტყიბულის სოლიდარობის აქციაზე აქტივისტები დააკავეს

ირაკლი კუპრაძე

აქცია პარლამენტთან, ტყიბულში დაღუპული და დაშავებული მეშახტეების მხარდასაჭერად იმართება. მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სავალი გზის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. 

დაკავებულები არიან: ცოტნე ცხვედიანი, გიორგი სოფრომაძე, კოსტა გურული და ვალო ჩაჩუა. 

სიტყვით გამოსვლისას “აუდიტორია 115”-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა და თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობის წევრები შესაბამის ზომებს მიიღებენ.

5 აპრილს, დილის 4 საათზე, ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში 6 მეშახტე დაიღუპა: 

გოგი რაფავა - 58 წლის
ელგუჯა ბოჭორიშვილი - 51 წლის
ბესიკ გურგენიძე - 49 წლის
მირზა ქურციკიძე - 45 წლის
გიორგი ბოჭორიშვილი - 27 წლის
პავლე გამეზარდაშვილი - 25 წლის

2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროში) ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 18 და მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი.

2017 წელს 47 გარდაიცვალა, 106 კი მძიმედ დაშავდა. აქედან, მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში გარდაიცვალა 11 ადამიანი.

დღევანდელი აქციის მონაწილეები ითხოვენ: 

ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გადადგეს დიმიტრი ქუმსიშვილი და მთავრობის ეკონომიკის გუნდმა არსებითად გადახედოს მის ეკონომიკურ პოლიტიკას. ასევე, ხელისუფლებამ შეიმუშაოს ტყიბულის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ალტერნატიული გეგმა, რაც გულისხმობს ტყიბულის ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ნაკლებად დამოკიდებულებას ქვანახშირის წარმოების სისტემაზე. 

კომენტარები