შავკანიანი სტუდენტების ცემა

კალაძე: ჩავატაროთ ამხანაგური მატჩი აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის

თბილისის მერია

„ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი." - თბილისის მერი კახა კალაძე ბელიაშვილის ქუჩაზე შავკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტს აფასებს. კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს სთხოვა იმავე სტადიონზე , სადაც ინციდენტი მოხდა, ამხანაგური მატჩი გამართოს. 

„რაც მოხდა, ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევია ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები. მინდა ვთხოვო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, თუ არის ამის შესაძლებლობა, კვირის ბოლოს გააკეთოს ამხანაგური თამაში იმავე მოედანზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა და სასწავლებლად ჩამოსული აფრიკელი სტუდენტები, რომლებიც იმ დღეს თამაშობდნენ. ძალიან კარგი იქნება, ის ცუდი, რაც მოხდა, დავიწყებას მივცეთ“, - თქვა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა დედაქალაქის მთავრობის წევრებსაც შესთავაზა.

ორი დღის წინ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე შავკანიანი სტუდენტები საფეხბურთო მოედნიდან გააძევეს და სცემეს. უცხოელი სტუდენტი, რომელმაც facebook-ის პირად გვერდზე ძალადობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, წერს, რომ მოძალადეები მათგან ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ, რადგან ისინი შავკანიანები იყვნენ. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ კი დანებითა და ქვებით გამოეკიდნენ. მისივე თქმით, პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა მათ მომხდარის დავიწყება ურჩიეს და არავინ დააკავეს.

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა რასიზმის დასამარცხებლად," - წერს სტუდენტი.

მოგვიანებით კი შავკანიანი სტუდენტების ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

კომენტარები