სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე

ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის ქალიშვილმა საავადმყოფო დატოვა

იულია სკრიპალი
BBC

ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის ქალიშვილი, იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს. გავრცელებული ცნობით ის უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

სერგეი სკრიპალი კვლავ საავადმყოფოში რჩება, თუმცა მისი მდგომარეობა უმჯობესდება.

გასულ კვირას ბრიტანეთის პოლიციამ იულიას განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მისი მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა.

"დაახლოებით ერთი კვირის წინ მოვედი გონს. მიხარია, რომ ძალა მემატება ყოველ დღე. მადლობას ვუხდი ბევრ ადამიანს ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ადამიანებს სოლსბერიდან, რომლებიც მე და მამაჩემს დაგვეხმარნენ." ნათქვამია განცხადებაში.

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული იარაღით მოწამლეს. პოლიციის ვარაუდით ისინი საკუთარ სახლში მოიწამლნენ. რუსული წარმოშობის მომწამლავი ნივთიერების, "ნოვიჩოკის" ყველაზე დიდი შემცველობა ამ დრომდე სწორედ მათი სახლის კარზეა აღმოჩენილი.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის რუსული ქიმიური იარაღით, "ნოვიჩოკით" მოწამვლის საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

150-მდე რუსი დიპლომატი გააძევეს სხვადასხვა ქვეყნიდან, რასაც რუსეთმა იმავე რაოდენობის დიპლომატების გაძევებით უპასუხა.

კომენტარები