გაეროს უშიშროების საბჭო

აშშ UN-ის უშიშროების საბჭოს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამოძიებას მოსთხოვს

ნიკი ჰეილი
Business Insider

აშშ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე ახალი გამოძიების დასაწყებად გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას აპირებს.

მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ინიციატივას ახალი გამოძიების თაობაზე რუსეთი ვეტოს დაადებს. რუსეთმა უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ საერთაშორისო გამოძიების თაობაზე სამი რეზოლუციის შემთხვევაში უკვე გამოიყენა.

გაეროში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ "მსოფლიომ სამართლიანობის აღსრულება უნდა ნახოს" და აშშ იმოქმედებს, მიუხედავად იმისა, თუ რა ნაბიჯს გადადგამს უშიშროების საბჭო.

"ეს ისტორიაში დარჩება როგორც მომენტი, როდესაც უშიშროების საბჭომ ან უარი თქვა საკუთარ მოვალეობებზე, ან აჩვენა სირიელი ხალხის დაცვაში საკუთარი უუნარობა. ნებისმიერ შემთხვევაში, აშშ იმოქმედებს."

დონალდ ტრამპმა გუშინ უსაფრთხოების ახალ მრჩეველთან, ჯონ ბოლტონთან შეხვედრისას სავარაუდოდ სირიაში საპასუხო ქმედებები განიხილა. შეხვედრამდე მან თქვა, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად სამოქმედო გეგმას უახლოეს 48 საათში შეიმუშავებდა.

გაეროში დიდი ბრიტანეთის ელჩის თქმით საპასუხო ქმედებებს ისინი აშშ-სთან და საფრანგეთთან ერთად განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების დადასტურების შემთხვევაში საჰაერო დარტყმებით დაიმუქრა.

7 აპრილს დამასკოს გარეუბანში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბავშვებიც. დაშავდა 1000-ზე მეტი. 

რუსეთი და სირია ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს უარყოფენ.

"ქიმიური თავდასხმა არ მომხდარა." განუცხადა უშიშროების საბჭოს გაეროში რუსეთის ელჩმა.

ვასილი ნებენზიამ აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი დაძაბულობის შექმნაში, ცრუ ბრალდებებში და მუქარაში დაადანაშაულა. მისი თქმით ოფიციალურმა მოსკოვმა ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ სირიის სამთავრობო ძალებზე თავდასხმას საპასუხო ქმედებები მოჰყვება.

გაეროს 2017 წლის გამოძიების მიხედვით 2017 წლის აპრილში სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის, კონკრეტულად კი ქლორის გაზის გამოყენება დადასტურდა. ქიმიური იარაღის გამოყენებას 20 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის ბავშვები.

წარსულში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მა სირიაში სამხედრო ბაზა დაბომბა.

კომენტარები