აშშ-ის სანქციები რუსეთს

რუბლი ეცემა, ოლიგარქებმა $16,000,000,000 დაკარგეს - სანქციების შედეგები

აშშ-ის მიერ რუსი ოლიგარქებისთვის დაწესებულმა სანქციებმა რუსულ ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა. ბოლო ერთი წლის მინიმუმამდე გაუფასურდა რუსული რუბლი. დღეის მდგომარეობით ერთი აშშ დოლარი  63.7 რუბლი ღირს. სანქციები პუტინის უახლოეს წრეს ეხება.

ბოლო 48 საათში რუსმა ოლიგაქრებმა ჯამში $16 მილიარდი დაკარგეს. 8.3%-ით დაეცა მოსკოვის საფონდო ბირჟის წამყვანი ინდექსი MOEX-ი. ეს 2014 წლის შემდეგ ერთ დღეში მომხდარი ყველაზე მკვეთრი დაცემაა.

კონკრეტული ოლიგაქრებისთვის დანაკარგები ასე გამოიყურება:

  1. ოლეგ დერიპასკას კუთვნილმა ალუმინის მწარმოებელმა Rusal-მა ღირებულების 54% დაკარგა. ზარალი $2 მილიარდს აღემატება;
  2. Norilsk Nickel-ის მფლობელმა ვლადიმირ პოტანინმა $2.2 მილიარდი დაკარგა, კომპანიის აქციების ღირებულება 19%-ით გაუფასურდა;
  3. ლუკოილის მფლობელმა ვაგიტ ალეკპეროვმა ბოლო რამდენიმე საათში $1.4 მილიარდი დაკარგა;
  4. რენოვა ჯგუფის მფლობელმა ვიქტორ ვეკსელბერგმა $1.3 მილიარდი დაკარგა;

ვის შეეხო ახალი სანქციები:


ფოტო: Reuters

50 წლის ოლეგ დერიპასკა მსოფლიოში ალუმინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებლის Rusal-ის მფლობელია. მის კომპანიაზე გოლბალური ალუმინის მოპოვების 6%-ზე მეტი მოდის. დერიპასკა კრემლთან  ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული ოლიგარქია.

დერიპასკას მიღებული აქვს ალექსანდრე ნეველის სახელობის ორდერი, რასაც კრემლი მის ყველაზე დაახლოებულ პირებზე გასცემს. ეს ორდერი ასევე მიღებული აქვთ: ალექსანდრ ლუკაშენკოს, პატრიარქ კირილსა და ვლადიმირ ჟირინოვსკის.

დერიპასკამ რუსული ალუმინის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილი 1990-იანი წლების დასაწყისში არსებული ქაოსური პრივატიზაციის პერიოდში ჩაიგდო. მაშინ “ალუმინის ომებს” რამდენიმე ათეული კომპანიის ხელმძღვანელი შეეწირა.

აშშ-ის ხაზინის ინფორმაციით, დერიპასკა ამ სიაში კოურფციაში, ორგანიზებულ დანაშაულსა და შეკვეთილ მკვლელობასთან კავშირის გამო მოხვდა.

ახალი სანქციების შედეგად, ამერიკულ კომპანიებსა და მოქალაქეებს აეკრძალათ რუსულ კომპანიებთან ყველა სახის კონტრაქტის დადება.

სანქციების გამოცხადებიდან მალევე Rusal-ის აქციების ღირებულება განახევრდა. დაეცა კომპანიის მიერ გამოშვებული ობლიგაციების ფასიც.

აშშ-ის ხაზინის მდივნის, სტივენ მანუჩინის მიერ ახალი სანქციების გამოცხადება Rusal-ის დაბადების დღეს დაემთხვა. ამ დროს რუსეთში კომპანიის თანამშრომლები კომპანიის მეთვრამეტე დაბადების დღეს კორპორატიულ წვეულებაზე აღნიშნავდნენ.

სანქცირებულთა სიაში დერიპასკას მოხვედრამ ალუმინის გლობალურ ბაზარზეც მოახდინა გავლენა

Rusal-ის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი შვეიცარული საინვესტიციო გიგანტი Glencore-ია. ახალი სანქციების დაწესების გამო Glencore-ის აქციების ღირებულება 4%-ით დაეცა.

ახალმა სანქციებმა მსოფლიოში ალუმინის ფასზეც მოახდინა გავლენა. დერიპასკას კომპანია გლობალურად ალუმინის 7%-ს აწარმოებს, ხოლო ალუმინის ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია. სანქციების გამო რუსული ალუმინი აშშ-ში ვეღარ მოხვდება, ამიტომაც გლობალურად ალუმინის ფასი გაიზარდა. მხოლოდ გასულ 24 საათში მატებამ 5% შეადგინა. ამაჟამად ერთი ტონა ალუმინი $2,139 ღირს.

სხვა ოლიგაქრები, ვისზეც სანქციები გავრცელდება

სულეიმან ქერიმოვი

52 წლის სულეიმან ქერიმოვის ქონება $8.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ის ოლეგ დერიპასკას ახლო მეგობარია და მის მსგავსად მეტალურგიაშია ჩართული. ქერიმოვს რუსეთში ოქროს ყველაზე დიდი მომპოვებელი Polyus ეკუთვნის.  

Polyus-მა 2017 წელს 62,369 კილოგრამი ოქრო მოიპოვა, მისი დამტკიცებული მარაგები კი 1,984,467-ს შეადგენს, რისი საბაზრო ფასიც ოქროს არსებული ფასით $86 მილიარდია.

სულეიმან ქერიმოვი ამჟამად საფრანგეთში იმყოფება, სადაც მის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით მიმდინარეობს გამოძიება.

ვიქტორ ვეკსელბერგი


ფოტო: ap

60 წლის ვეკსელბერგი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქეა, მისი აქტივების ღირებულება $13.6 მილიარდს აღემატება. ვეკსელბერგს ეკუთვნის Renova Group-ი, რომლის შემადგენლობაშიც ათობით სხვადასხვა ბიზნესი, მის მსხვილ აქტივებს შორის რუსული აეროპორტები შედის. ვეკსელბერგი ასევე ფლობს წილებს კომპანია Rusal-ში.

ვეკსელბერგი ოლეგ დერიპასკას მსგავსად ალექსანდრე ნეველის სახელობის ორდერის მფლობელია.

Gazprom-ის თავმჯდომარე ალეკსეი მილერი


ფოტო: RT

56 წლის ალეკსეი მილერი Gazprom-ს 2001 წლიდან მართავს. ის ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარია. სანქციები არ შეეხო Gazprom-ის ბუნებრივი აირის დანაყოფს, ხოლო Gazprom Neft-ი სანქცირებული კომპანიების ჩამონათვალში შევიდა.

Gazprom Neft-ი სანქცირებულთა შორის 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს მოხვდა. ანალოგიური სანქციები აქვთ დაწესებული რუსულ ენერგოგიგანტ Rosneft-სა და მის ხელმძღვანელს იგორ სეჩინსაც.

სანქცირებულთა შორის ვლადიმირ პუტინის ყოფილი სიძე და მილიარდერი კირილ შამალოვიც მოხვდა

36 წლის შამალოვი ვლადიმირ პუტინის შვილის კატერინა ტიხონოვას ყოფილი ქმარია. შამალოვი Bank Rossiya-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის ნიკოლაი შამალოვის შვილია ის წლების განმავლობაში რუსეთის მთავრობის ეკონომიკურ მრჩევლად მუშაობდა. ფლობს წილებს ენერგოკომპანია Sibur-ში, რომელიც ასევე სანქციების ქვეშაა.

შამალოვი 2018 წლის იანვარში კატერინა ტიხონოვას გაშორდა.სავარაუდოდ, განქორწინების ხელშეკრულებით ტიხონოვამ შამალოვისგან დიდძალი თანხა მიიღო.


ფოტო: Tass

რუსეთის პასუხი

რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა მოიძიონ გზები, რათა აშშ-ს წინააღმდეგ რუსეთმა საპასუხო ნაბიჯები გადადგას. ამ დროისთვის უცნობია თუ რა იქნება კრემლის პასუხი. თუმცა, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს კრემლმა, სავარაუდოდ ის ამერიკის ეკონომიკისთვის ბევრად ნაკლებად დამაზიანებელი იქნება, რადგანაც რუსეთს გლობალურ ეკონომიკაზე არ აქვს აშშ-ს მასშტაბის გავლენა.

ამერიკული სანქციების შედეგები - ვიდეო

 

კომენტარები