Facebook

ზაკერბერგი: ბოდიშს ვიხდი, Facebook-ი მე დავაარსე და რაც ხდება, ჩემი პასუხისმგებლობაა

Business Insider

მარკ ზაკერბერგი აშშ-ის სენატის შეკითხვებს პასუხობს - სენატორებს Facebook-ის დამფუძნებელთან კითხვები 50 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის გაცემის შესახებ აქვთ. 

ზაკერბერგმა თქვა, რომ კომპანიამ ზიანის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი არ გააკეთა.  

Facebook-ის 13-წლიანი არსებობს მანძილზე ყველაზე დიდი სკანდალი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც New York Times-მა, Channel 4-მა და The Guardian-მა ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს. მათ მიერ მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, რომ Facebook-ის 50 მილიონი მომხმარებლის ანგარიში დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულმა კომპანია Cambridge Analytica-მ საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენა.

2013 წელს Facebook-ში გავრცელდა აპლიკაცია - this is your digital life, რომელიც სპეციალური ქვიზის მეშვეობით მომხმარებლებს მათი პიროვნების ტიპის დადგენას სთავაზობდა. სინამდვილეში აპლიკაცია მომხმარებელთა შესახებ ფსიქოლოგიური მონაცემებისა და მათი მეგობრებისა და ახლობლების შესახებ, ასევე მათი მისამართისა და სხვა პერსონალური მონაცემების შეგროვებისთვის იყო შექმნილი.

რა თქვა მარკ ზაკერბერგმა სენატორების კითხვების პასუხად: 

ბოდიში

ნათელია, რომ ჩვენ არ გავაკეთეთ საკმარისი ზიანის თავიდან ასაცილებლად - საქმე ეხება ყალბ ახალ ამბებს, სიძულვილის ენას და არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევას, ისევე როგორც დეველოპერებს და ინფორმაციის კონფიდენციალურობას. ჩვენ არ გვქონდა პასუხისმგებლობის ფართო ხედვა და ეს დიდი შეცდომა იყო. ეს ჩემი შეცდომა იყო და ბოდიშს ვიხდი. Facebook-ი მე დავაარსე და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რაც აქ ხდება. 

ჩემი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო ჩვენი სოციალური მისია - ადამიანების დაკავშირება, თემის შექმნა და დაახლოება. რეკლამის დამკვეთები და დეველოპერები ვერასდროს უკუაგდებენ ამ პრიორიტეტებს მანამ, სანამ მე ვმართავ Facebook-ს

Facebook-ი კოლეჯში შევქმენი, მას შემდეგ გრძელი გზა გამოვიარეთ. ახლა ჩვენ მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტ ადამიანს ვემსახურებით. ყოველდღიურად იყენებენ ჩვენს სერვისებს, რათა მათთვის მნიშვნელოვან ადამიანებს დაუკავშირდნენ. მე მწამს იმის, რასაც ვაკეთებთ - ჩვენ ამ გამოწვევებსაც გავუმკლავდებით. 

მე მჯერა, რომ მნიშვნელოვანია ადამიანებს უთხრა, როგორ გამოიყენება მათი ინფორმაცია. ყოველ ჯერზე, როცა მომხმარებელი ინფორმაციას აზიარებს, ჩვენ მათ ვეკითხებით, რა თემს (მეგობრებს, ოჯახს და სხვა) სურს, რომ ეს ინფორმაცია გაუზიაროს. 

კემბრიჯ ანალიტიკა 

ჩვენ გადავდგით ნაბიჯები - გავთიშეთ აპლიკაცია და მოვითხოვეთ, რომ როგორც აპლიკაციის დეველოპერმა, ასევე კემბრიჯ-ანალიტიკამ წაშალოს და შეწყვიტოს ჩვენგან წაღებული მონაცემების გამოყენება. მათ გვითხრეს, რომ ასეც მოიქცნენ. აშკარად შეცდომა იყო მათი დაჯერება. ჩვენ თვალყური უნდა გვედევნებინა და სრულყოფილი აუდიტი ჩაგვეტარებინა იმის შესახებ, მართლაც წაშალეს თუ არა ეს მონაცემები. და ეს არ არის ის შეცდომა, რომელსაც ჩვენ დავუშვებთ. 

აშშ-ის არჩევნებში უცხო ქვეყნების ჩარევისგან დაცვა

2018 წელს ეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ერთ-ერთი, რასაც ყველაზე მეტად ვნანობ, ის არის, რომ ნელა მოვახდინეთ რუსეთის ინფორმაციული ოპერაციების იდენტიფიცირება 2016 წელს.

ფეისბუქმა შექმნა ხელოვნური ინტელექტის ახალი ინსტრუმენტები, რომელიც ყალბ ანგარიშებს ამოიცნობს. ეს ინსტრუმენტი არა მხოლოდ აშშ-ის ნოემბრის შუალედური არჩევნებისთვის შეიქმნა, არამედ არჩევნებისთვისაც, რომლებიც ბრაზილიაში, მექსიკაში, პაკისტანში, უნგრეთსა და ინდოეთში ტარდება. 

სიძულვილის ენა

ხელოვნურ ინტელექტს უკვე შეუძლია, ამოიცნოს ექსტრემისტული ისლამის შინაარსი, მაგრამ სხვა შეურაცხმყოფელ პოსტებს სხვა მომხმარებლების შენიშვნის შემდეგ განვიხილავთ. 

იმედი მაქვს, 5-10 წლის შემდეგ გვექნება ისეთი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც სიძულვილის ენას ლინგვისტურ ნიუანსებში ამოიცნობს. მაგრამ დღეს მხოლოდ ეს გვაქვს. ახლა ვიყენებთ პოლიტიკას, როდესაც ადამიანები მოგვმართავენ და გვყავს თანამშრომლები, რომლებიც ამ საკითხებს განიხილავენ. ვცდილობთ, მაქსიმალურად არასუბიექტურები ვიყოთ. სანამ ავტომატური ამოცნობის სისტემა გვექნება, შეცდომების რიცხვი იმაზე მაღალია, ვიდრე ვისურვებდი. 

ასევე, სენატორმა ტედ კრუზმა ზაკერბერგს ჰკითხა: "მიიჩნევს Facebook-ი თავს ნეიტრალურ საჯარო ფორუმად?"

ზაკერბერგმა უპასუხა - "ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვართ პლატფორმა ყველა იდეისთვის". 

ვრცლად Facebook-თან დაკავშირებული სკანდალის შესახებ წაიკითხეთ აქ

კომენტარები