რასიზმი

ნიგერიელი სტუდენტი: ჩვენ გახსნილი ხალხი ვართ, ველოდებით ამხანაგურ მატჩს

რუსთავი 2

ნიგერიელი სტუდენტი სამუელ ალავოდი ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგური მატჩის ჩატარებას მიესალმება. მან რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ამ შეხვედრას ელოდება. სამუელ ალავოდი ერთ-ერთია, ვინც ბელიაშვილის ქუჩაზე ფეხბურთის მოედნიდან გამოაძევეს და სცემეს. მისი თქმით, თავს კანის ფერის გამო დაესხნენ.

"ნიგერიელები ძალიან გახსნილი ხალხი ვართ და ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი, ამიტომ ჩვენ ველოდებით ამ შეხვედრას. მოხარულები ვართ, რომ ესეთი ნაბიჯი გადაიდგა. ამან შეიძლება ერთობა მოიტანოს, ჩვენსა და ამ ადამიანებს შორის, ამიტომ ეს კარგია იდეაა,"- თქვა სამუელ ალავოდმა. [რუსთავი 2-ის თარგმანი]

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს სთხოვა, იმავე სტადიონზე, სადაც ინციდენტი მოხდა, ამხანაგური მატჩი გამართოს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას დაეთანხმა და განაცხადა, რომ "ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, ამხანაგური შეხვედრა 14 აპრილს ჩატარდება". მატჩი შავკანიან სტუდენტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის, 18:00-ზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე გაიმართევა.

8 აპრილის საღამოს, თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, შავკანიანი სტუდენტები საფეხბურთო მოედნიდან გააძევეს და სცემეს. უცხოელი სტუდენტი, რომელმაც facebook-ის პირად გვერდზე ძალადობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, წერს, რომ კანის ფერის გამო, მათგან ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ. მისივე თქმით, სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ, მოძალადეები დანებითა და ქვებით გამოეკიდნენ. სტუდენტმა თქვა, რომ სამართალდამცველებმა მათ მომხდარის დავიწყება ურჩიეს და არავინ დააკავეს.

შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. სამინისტროს განმარტებით, გამოძიება მუშაობს დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებითაც.

კომენტარები