ზუგდიდის პანთეონი

ზუგდიდის საკრებულოში პანთეონის დაარსების საკითხზე ვერ თანხმდებიან

livepress

ზუგდიდის საკრებულოში სოფელ ჭითაწყარის სასაფლაოს ნაწილისთვის პანთეონის სტატუსის მინიჭებაზე ვერ შეთანხმდნენ. ამიტომ საკითხს განხილვა კვლავ კომისიაში გაგრძელდება.

"ლაივპრესის" ცნობით, საკრებულოს ზოგიერთი დეპუტატის თქმით, მათ ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ, ამიტომ საჭიროა, მის მიზანშეწონილობასთან ერთად იმ კრიტერიუმებზეც იმსჯელონ, თუ რის მიხედვით გადაწყვეტენ კონკრეტული ადამიანის ამ ტერიტორიაზე დაკრძალვას.

ზუგდიდში პანთეონის სტატუსის მქონე სასაფლაოების მოქმედების წინააღმდეგია საკრებულოს ოპოზიცია. მათი თქმით, ეს დაპირისპირებას გამოიწვევს და დავის საგანი გახდება, თუ ვინ და რატომ უნდა დაიკრძალოს პანთეონის ტერიტორიაზე.

როგორც "ლაივპრესს" ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბათლომე შელიამ უთხრა, კომისიის წევრებს გაუჭირდებათ ოჯახის წევრებს აუხსნან, რატომ არ იმსახურებს მათი ახლობელი თუ ნათესავი ამ ტერიტორიაზე დასაფლავებას. ფრაქცია ენმ-ის ხელმძღვანელმა, ანა წითლიძემ კი თქვა, რომ მუნიციპალიტეტს ბევრად უფრო პრიორიტეტული საკითხები აქვს გადასაწყვეტი, ვიდრე ეს ამ სტატუსის მქონე სასაფლაოს ფუნქციონირებაა. მან მოუწოდა დეპუტატებს, საკითხი საკომისიო განხილვას დაუბრუნონ და ეს თემა ფართო საზოგადოებრივი განსჯის საგანი გახდეს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თაზო ფაცაცია კი ამბობს, რომ ის ზუგდიდში პანთეონის არსებობის მომხრეა და რომ ამით მათ შესაძლებლობა ექნებათ, იმ ადამიანებს, რომლებიც იმსახურებენ, გარდაცვალების შემდეგ პატივი ამ გზით მიაგონ. 

ზუგიდიდის სოფელ ჭითაწყარის სასაფლაოს ნაწილისთვის პანთეონის სტატუსის მინიჭების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ საკრებულოს რამდენიმე დღის წინ გამართულ სხდომაზე განაცხადა.

კომენტარები