რუსული პროპაგანდა

კაპანაძე: წარვადგენთ კანონპროექტს რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ

რუსთავი 2

ევროპული საქართველო გეგმავს, პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი შესთავაზოს, რომელიც რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიმართული. 

დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ პროდასავლურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში ჩართვა შესთავაზა. 

"პრორუსული პროპაგანდის გაზრდა პირდაპირ ასახულია სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშში. ეს გააქტიურება განსაკუთრებით შეიმჩნევა ბოლო რამდენიმე თვეში. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ინფორმაცია, რომ სახელმწიფო სახსრები გაედინება ისეთ გამომცემლობებსა და რედაქციებში, რომლებიც პრორუსულ და ქსენოფობიურ პოლიტიკას ატარებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსულ ტელეარხებს უხდიან ფულს სარეკლამო რგოლების განსათავსებლად. ცნობილი გახდა, რომ საქართველოში შემოდის “გაზპრომ-მედია” თავისი საკმაოდ დიდი პაკეტით, “ენ-ტე-ვე პლუსით”, რაც არის სერიოზული გამოწვევა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის. საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შევთავაზებთ საქართველოს პარლამენტს და იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერება ეყოფა უმრავლესობას - მივიღებთ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველო კანონმდებლობის გზით წავიდეს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ", - თქვა სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

Газпром медиа ქართულ სატელევიზიო ბაზარზე გეგმავს შემოსვლას. ამის შესახებ კომპანია НТВ плюс-მა საკუთარ ვებგვერდზე დაწერა. НТВ плюс ფასიანი ტელევიზიის პროვაიდერად გეგმავს რეგისტრაციას, ის მომხმარებლისთვის ორი - 50 და 90 არხიანი პაკეტების შეთავაზებას გეგმავს.

დეტალურად წაიკითხეთ აქ

კომენტარები