ქარის ელექტროსადგური

ქარის სადგურზე ენერგომოხმარების 0.6% მოდის, თუმცა მისი დენი იმპორტულზე ძვირია

syncomedia.com

2018 წლის თებერვალში ქართლის ქარის ელექტროსადგურმა, რომლის ჯამური სიმძლავრე 20.7 მეგავატია, თვის განმავლობაში 6.2 გიგავატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც ქვეყანაში მთლიანი მიწოდების 0.6%-ს შეადგენდა.

მიწოდების ეს მაჩვენებელი 7%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ პერიოდს, რაც სავარაუდოდ უკეთესი მეტეოროლოგიური პირობებით არის განპირობებული.

Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, თებერვალში იმპორტული ელექტროენერგიის საშუალო ფასმა $5.3 ცენტი შეადგინა. ქართლის ქარის ელექტროსადგურთან საქართველოს მთავრობასა და ელექტროენერგიის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) შორის გაფორმებული 10-წლიანი კონტრაქტის მიხედვით, კი სახელმწიფო ამ სადგურის მიერ გამომუშავებულ კილოვატ საათს $6.89 ცენტად შეიძენს. ეს იმპორტული დენის ფასს $1.6 ცენტით, ანუ 3.8 თეთრით აღემატება.

2018 წლისთვის ამ სადგურის გამომუშავება 90 მილიონ კილოვატ საათზეა დაგეგმილი, შესაბამისად, მასში სახელმწიფო $6 მილიონს გადაიხდის. გამომუშავების ამ მოცულობის პირობებში, მომავალი 10 წლის განმავლობაში ელექტროსადგურის დენის შესყიდვაზე $60 მილიონი დაიხარჯება.

პროექტი $24-მილიონიანი შეღავათიანი კრედიტით EBRD-მა დააფინანსა. ქარის ელექტროსადგური შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურს" ეკუთვნის, კომპანიის დამფუძნებელი სახელმწიფოა.

შიდა ქართლში უფრო მასშტაბური ქარის ელექტროსადგურის აშენებას თურქული კომპანია "ჩალიკ ენერჯი" გეგმავს. კერძო ინვესტიცია ამ შემთხვევაში $75 მილიონს შეადგენს და მისი მოცულობა 50 მეგავატი იქნება. ამ დროისთვის უცნობია თუ რა ფასად შეიძენს ახალი ქარის სადგურიდან სახელმწიფო ელექტროენერგიას.

კომენტარები