დიდი ბრიტანეთი

ტერეზა მეი მინისტრებთან ერთად სირიაში სამხედრო ქმედებებს განიხილავს

ტერეზა მეი
Getty Images

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი მინისტრებთან ერთად სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ სამხედრო ქმედებებს განიხილავს. მსჯელობა აშშ-სა და საფრანგეთთან ერთად ერთობლივ სამხედრო ქმედებებზე მიმდინარეობს.

ტერეზა მეიმ ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე თავდასხმას ბარბაროსული უწოდა და თქვა, რომ ეს უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

The Daily Telegraph-ის მიხედვით მეიმ ბრიტანული წყალქვეშა ნავების გადაადგილების და სირიის სამხედრო ძალებზე დარტყმისათვის მზადყოფნის ბრძანება გასცა.

ამ დრომდე ბრიტანეთი სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე დარტყმებს კვიპროსში არსებული სამხედრო ბაზიდან ახორციელებდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დონალდ ტრამპი სირიაში ასადის რეჟიმზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის მხრიდან მუქარას Twitter-ზე გამოეხმაურა:

"რუსეთი გვპირდება რომ სირიისაკენ გასროლილ ყველა რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე რუსეთო, იმიტომ, რომ ახალი და "ჭკვიანი" რაკეტები წამოვა! თქვენ არ უნდა იყოთ იმ ცხოველის პარტნიორები, რომელიც გაზით ადამიანებს კლავს და ეს სიამოვნებს!"

7 აპრილს დამასკოს გარეუბანში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბავშვებიც. დაშავდა 1000-ზე მეტი. 

რუსეთი და სირია ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს უარყოფენ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა სირიაში ქიმიური შეტევის გამოძიების ახალი მექანიზმის შექმნაზე აშშ-ის რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო.

კომენტარები