დონალდ ტრამპი

ტრამპი: არ მითქვამს როდის მოხდება სირიაზე თავდასხმა, შეიძლება არც ისე მალე მოხდეს

AP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე სირიაში მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ დაწერა:

"არ დამიკონკრეტებია როდის მოხდება სირიაზე თავდასხმა. შეიძლება მოხდეს მალე, ან საერთოდაც არც ისე მალე! ნებისმიერ შემთხვევაში, აშშ, ჩემი ადმინისტრაციის ქვეშ, დიდებულ საქმეს აკეთებს რეგიონიდან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მოცილებით. სად არის "მადლობა ამერიკას?"

შეგახსენებთ, რომ გუშინ დონალდ ტრამპი სირიაში ასადის რეჟიმზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის მხრიდან მუქარას Twitter-ზე გამოეხმაურა:

"რუსეთი გვპირდება რომ სირიისაკენ გასროლილ ყველა რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე რუსეთო, იმიტომ, რომ ახალი და "ჭკვიანი" რაკეტები წამოვა! თქვენ არ უნდა იყოთ იმ ცხოველის პარტნიორები, რომელიც გაზით ადამიანებს კლავს და ეს სიამოვნებს!"

7 აპრილს დამასკოს გარეუბანში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბავშვებიც. დაშავდა 1000-ზე მეტი. 

რუსეთი და სირია ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს უარყოფენ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა სირიაში ქიმიური შეტევის გამოძიების ახალი მექანიზმის შექმნაზე აშშ-ის რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო.

ბრიტანული მედიის მიხედვით დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი მინისტრებთან ერთად სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ სამხედრო ქმედებებს განიხილავს. მსჯელობა აშშ-სა და საფრანგეთთან ერთად ერთობლივ სამხედრო ქმედებებზე მიმდინარეობს.

კომენტარები