ბლოგი

ქაღალდის კაცი

იყო ასეთი ფეხბურთელი - მათიას სინდელარი. 2000 წელს ჩატარებული სპეციალური გამოკითხვის მიხედვით XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელების სიაში მას 22-ე ადგილი უჭირავს მსოფლიოში და მე-13 - ევროპაში. ეს, რა თქმა უნდა, მის განსაკუთრებულ ნიჭზე მიუთითებს, თუმცა მხოლოდ გამოკითხვის შედეგებით და სტატისტიკით ვერ შევიქმნით წარმოდგენას ფეხბურთელის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე. მით უფრო, როცა მათიას სინდელარზე ვლაპარაკობთ. ფეხბურთელზე, რომელმაც დროს გაუსწრო და დაამსხვრია იმჟამად დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ გოლების გასატანად მხოლოდ ფიზიკური მონაცემები იყო საჭირო და ძალას იმპროვიზაცია და ინტელექტი დაუპირისპირა, ადამიანზე, რომელიც არ შეურიგდა საკუთარი ქვეყნის ანექსიას და ღიად გამოვიდა ნაცისტების წინააღმდეგ.

სინდელარი შესანიშნავი ფეხბურთელებისგან შემდგარი "ვუნდერტიმის“ მთავარი ვარსკვლავი იყო. მას ცენტრფორვარდისთვის უჩვეულოდ სუსტი აღნაგობა ჰქონდა და სწორედ აქედან მოდის მისი მეტსახელი - Der Papierene, „ქაღალდის კაცი“. იმდროინდელი ცენტრფორვარდები ფიზიკური ძალით გამოირჩეოდნენ და შედეგსაც სწორედ ამის ხარჯზე აღწევდნენ, სინდელარი კი ელეგანტური ფინტებით და არაორდინარული დრიბლინგით უბნევდა თავგზას მეტოქეებს. სწორედ თამაშის დახვეწილი სტილის გამო მას „ფეხბურთის მოცარტსაც“ ეძახდნენ.

ავსტრიელთა პროგრესულად მოაზროვნე მწვრთნელი ჰუგო მაისლიც იმ სპეციალისტთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, ვინც უპირატესობას ფიზიკურად ძლიერ ცენტრფორვარდებს ანიჭებდა. ამიტომ თავიდან ის დიდად არ სწყალობდა სინდელარს და ერთხანს შეწყვიტა კიდეც მისი გამოძახება ნაკრებში. თუმცა, საზოგადოების მოთხოვნით, რამდენიმე წელიწადში სინდელარი ისევ დააბრუნეს გუნდში. დაბრუნებას შთამბეჭდავი გამარჯვებების სერია მოჰყვა და სწორედ მაშინ უწოდეს ავსტრიის ნაკრებს „ვუნდერტიმი“. ავსტრიამ ერთიმეორის მიყოლებით გაანადგურა შოტლანდია (5:0), გერმანია (6:0 ბერლინში და 5:0 ვენაში), საფრანგეთი (4:0), შვეიცარია (8:1), უნგრეთი (8:2), 1932 წელს კი, ცენტრალური ევროპის საერთაშoრისო თასი მოიგო.

1938 წლის 12 მარტს გერმანიამ ავსტრიის ანშლუსი მოახდინა. ნაცისტებმა ავსტრიელ ფეხბურთელებს გაერთიანებული ნაკრების შემადგენლობაში თამაში მოსთხოვეს. ამ „გაერთიანების“ აღსანიშნავად, 3 აპრილს ჩატარდა პროპაგანდისტული მატჩი ავსტრიასა და გერმანიას შორის. მატჩი უგოლო ფრეთი უნდა დასრულებულიყო - ასეთი იყო გერმანელების ბრძანება. ავსტრიელებმა არაფრად ჩააგდეს ტრიბუნაზე მსხდომი ნაცისტები, არც მათი მოთხოვნა და თამაში მოიგეს. ამ „ამბოხს“ სათავეში სინდელარი ედგა. საფეხბურთო ისტორიას ასე შემორჩა ამ მატჩისა და მათიას სინდელარის ამბავი: პირველ ტაიმში სინდელარმა არაერთი ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან, ის მეტოქის კარს სულ მცირე მანძილით აცილებდა ბურთს - ვარაუდობენ, რომ ის ამას განზრახ, გერმანელების დასაცინად აკეთებდა. მეორე ტაიმში სინდელარმა მაინც გაიტანა თავისი გოლი, ხოლო როცა მისმა თანაგუნდელმა შასტი სესტამ საჯარიმო დარტყმით ორამდე გაზარდა სხვაობა, სინდელარმა მაღალჩინოსანი ნაცისტებით გადაჭედილ საპატიო სტუმართა ლოჟის წინ ცეკვა დაიწყო. ეს საფეხბურთო მოედანზე გამოვლენილი ყველაზე დიდი პროტესტი იყო.

მოგვიანებით სინდელარი არაერთხელ გამოიძახეს გერმანიის ნაკრებში, რაზეც ყოველთვის უარით პასუხობდა. არადა, ეს იყო 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის ერთადერთი შესაძლებლობა - მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა, ანშლუსთან ერთად ავსტრიამ არსებობა შეწყვიტა და ავსტრიელ ფეხბურთელებს მხოლოდ გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში, გერმანიის სახელით შეეძლოთ მონაწილეობის მიღება ტურნირში. თანაც სინდელარი უკვე 35 წლის იყო. გერმანელების გულისწყრომა მან მერეც დაიმსახურა, როდესაც ახლადშეძენილ კაფეში ნაცისტური პლაკატების განთავსებაზე უარი განაცხადა.

არც ისე დიდი ხნის შემდეგ კი, 1939 წლის 23 იანვარს, მათიას სინდელარი მკვდარი იპოვეს თავის სახლში უგონო მდგომარეობაში მყოფ მეგობარ ქალთან ერთად, რომელიც მოგვიანებით ჰოსპიტალში გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად მხუთავი აირით მოწამვლა დასახელდა, მაგრამ ავსტრიაში ამ ვერსიის არავის სჯეროდა. ყველა ფიქრობდა, რომ სინდელარი მოწამლეს. იმასაც ამბობდნენ, თითქოს სინდელარი და მისი მეგობარი ქალი ებრაელები იყვნენ და ამის გამო დასაჯეს; გავრცელდა ხმები სინდელარის თვითმკვლელობის შესახებაც. თუმცა ითქვა ისიც, რომ რამდენიმე დღით ადრე მეზობლები ერთ-ერთი საკვამურის დაზიანების გამო ჩიოდნენ...

დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ავსტრიელთა საყვარელი ფეხბურთელი ეროვნულ გმირად იქცა, რომელმაც მთელი ერის სათქმელი საფეხბურთო სტადიონიდან თქვა.

P.S. მათიას სინდელარის მაგალითზე უნებლიეთ პარალელს ავლებ ჩვენს დღევანდელ რეალობასთან, როცა რატომღაც ჯერ კიდევ ვერ შევთანხმებულვართ, უნდა დავდიოდეთ თუ არა კრემლში და შალახოს ცეკვით ვართობდეთ ერთმორწმუნე მეზობელს.

კომენტარები