კანის კინოფესტივალი 2018

Netflix-ი, შეცვლილი წესების გამო, კანის კინოფესტივალში მონაწილეობას არ მიიღებს

Justin Sullivan | Getty Images

Netflix კანის კინოფესტივალში მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზი ფესტივალის შეცვლილი წესებია, რომლის მიხედვითაც, ფესტივალზე წარდგენილი ფილმების საფრანგეთის კინოთეატრში ჩვენება სავალდებულოა. საფრანგეთის შიდა რეგულაციების მიხედვით კი, კინოთეატრში გაშვების შემდეგ ფილმის სატელევიზიო ეთერში დისტრიბუცია 3 წლით იკრძალება. 

ნეტფლიქსი ამერიკული ონლაინ-სტრიმინგ კომპანიაა, რომელიც ფილმებს და სერიალებს იღებს. 2018 წელს ის 80 ორიგინალური ფილმის შექმნას გეგმავს თავისი 109 მილიონი მომხმარებლისთვის. 

ნეტფლიქსის კონტენტ-ოფიცერი, ტედ სარანდოსი ამბობს, რომ კანის ფესტივალზე უარის თქმის გადაწყვეტილება სწორედ მათსა და კანის ფესტივალის ორგანიზატორებს შორის წარმოქმნილი დაძაბულობის გამო მიიღეს. მისივე თქმით, ამ წესების გათვალისწინებით ფესტივალში მონაწილეობა ნეტფლილქსისთვის აზრს კარგავს. 

"ჩენ გვსურს, რომ ჩვენი ფილმები ყველა სხვა ფილმის თანასწორი იყოს. არსებობს რისკი, რომ ჩვენს ფილმებს და მის შემქმნელებს უპატივცემულოდ მოექცებიან, არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის კარგი იქნება. თუ კანი ირჩევს, კინოს ისტორიაში გაიჭედოს, დაე, ასე იყოს", - თქვა ტედ სარანდოსმა. 

ნეტფლიქსი კანის კინოფესტივალზე პირველად შარშან, ორი ფლიმით წარსდგა - ბონგ ჯუნ ჰოს Okja და ნოა ბაუმახის The Meyerowitz Stories. მაშინ საფრანგეთის კინოთეატრის მფლობელებმა ფესტივალზე ამ ფილმების ჩვენება გააპროტესტეს. 

კომენტარები