კრიმინალი

შსს: ვაკეში მოკლულმა ქალმა მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციას მიმართა

metro.us

ვაკეში მოკლული 25 წლის ქალი, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დედამისთან ერთად პოლიციის განყოფილებაში იყო მისული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 13 აპრილს ვაკეში მომხდარ, 1993 წელს დაბადებული თ.გ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა.

პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ." - წერია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები