სირიის კონფლიქტი

მეი: ეს აქტი ეხება ყველას, ვისაც სჯერა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება შერჩება

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ, სირიის დედაქალაქ დამასკოზე, აშშ-ისა და საფრანგეთის გაერთიანებულ სამხედრო ძალებთან ერთად იერიშთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, სადაც რუსეთს სერგეი კრიპალისა და მისი ქალიშვილის გახმაურებული საქმე გაახსენა. 

"და სანამ ეს აქტი არის სპეციალურად სირიის რეჟიმის მიმართ განკუთვნილი, ასევე, ცხადი გზავნილი იქნება ყველასთვის, ვისაც სჯერა, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ ქიმიური იარაღი და ამისთვის არ დაისაჯონ,"- განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, ეს სამხედრო აქტი სირიისთვის სამხედრო იარაღის გამოყენებაზე იყო პასუხი და, შესაბამისად, მისივე თქმით, ამ დარტყმაზეც პასუხისმგებელიც, სწორედ სირიის რეჟიმია. 

"ეს მუდმივი ქცევა უნდა შეჩერდეს - არა მხოლოდ იმიტომ, რომ დავიცვათ უდანაშაულო ადამიანები სირიაში საშინელი სიკვდილისგან, რომელსაც ქიმიური იარაღები იწვევს, არამედ კიდევ იმისთვისაც, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ საერთაშორისო ნორმის ეროზიას, რაც გვიცავს ასეთი იარაღის გამოყენებისგან. 

ჩვენ ვეცადეთ, გამოგვესწორებინა ეს ყველა შესაძლო დიპლომატიური პლატფორმიდან, მაგრამ ჩვენი მცდელობები განმეორებითად იშლებოდა. ამ კვირაშიც კი, რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც უზრუნველყოფდა დამასკოში მომხდარი თავდასხმის დამოუკიდებელ გამოძიებას. ასე რომ, სირიის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, პრაქტიკაში არ არსებობს ძალის გამოყენების ალტერნატივა. ეს არ არის სამოქალაქო ომში ჩარევა. ეს არ ხდება რეჟიმის შესაცვლელად. ეს არის ლიმიტირებული და გათვლილი იერიში, რომელსაც არ მოყვება რეგიონში უფრო ღრმა ესკალაცია და რომელიც აკეთებს ყველაფერ შესაძლოს, რომ თავიდან აირიდოს მოქალაქეების დაშავება,"- ამბობს ტერეზა მეი. 

7 აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წარმომადგენლებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის დროსაც გარდაიცვალა სულ მცირე 60 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და დაშავდა 1 000-ზე მეტი ადამიანი, რის საპასუხოდაც დღეს აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი სირიის დედაქალაქს გაერთიანებული სამხედრო ძალებით დაესხნენ თავს.

კანადისა და ავსტრალიის ლიდერებმა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო კავშირის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს.  

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს, განცხადებით, კანადა მხარს უჭერს 3 ქვეყნის გადაწყვეტილებას "საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური იარაღის გამო ჩატარებული სამხედრო აქტის" შესახებ. 

გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი მარიზ პეინიც. 

"ავსტრალია მხარს უჭერს ამ იერიშს, რომელიც წარმოადგენს იმავე კალიბრის, პროპორციულ და შესაფერის პასუხს. მათ ასადის რეჟიმსა და მისი ზურგის გამმაგრებლებს, რუსეთსა და ირანს, უნიკალური მესიჯი გაუგზავნეს იმის შესახებ, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას შემწყნარებლურად არ მიუდგებიან,"- აცხადებს პეინი. 

აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებით, ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, შეურაცხყოფაა, რომელიც მიუღებელია და ამას აუცილებლად მოყვება შესაფერისი შედეგი, რომელზეც პასუხისმგებელი აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იქნებიან. 

თავად პუტინის განცხადებით, რუსეთი გმობს სირიაზე დარტყმას და მას სუვერენიტეტული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ აგრესიულ აქტს უწოდებს. მისი თქმით, ეს გაეროს პრინციპებს ეწინააღმდეგება. 

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მათ მიერ კონტროლირებად არც საჰაერო და არც სახმელეთო ტერიტორიაზე იერიში არ განხორციელებულა. 

სირიის იერიშს გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომლებმაც განაცხადეს, რომ ეს ქმედება არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ისევე, როგორც სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 

სირია, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სამხედრო ძალებმა დიდი რაოდენობით სარაკეტო საშუალებების მოგერიება შეძლეს. ბაშარ ალ-ასადის პრესსამსახური Twitter-ზე ვიდეოს აქვეყნებს, სახელწოდებით, "დილა სიმტკიცისა":

კომენტარები