TDI

TDI ამხანაგურ თამაშზე: უპირველეს ყოვლისა საჭიროა დროული და ობიექტური გამოძიება

აფრიკელ სტუდენტებსა და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შორის ამხანაგური თამაში შედგა. თამაშში მონაწილეობა ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა - კახა კალაძემ, ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ, ლევან კობიაშვილმა, ზაზა გაბუნიამ, ვატო შაქარიშვილმა და სხევბმა მიიღეს.

ამ მატჩის ჩატარების ინიციატივით კახა კალაძე გამოვიდა. მატჩის ორგანიზატორი ფეხბურთის ფედერაცია იყო. 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის შეფასებით უპირველეს ყოვლისა საჭიროა დროული და ობიექტური გამოძიება.

"ამხანაგური საფეხბურთო მატჩის გამართვის ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა, მიგვაჩნია, რომ, უპირველეს ყოვლისა, მომხდარი ფაქტი ობიექტურად, დროულად უნდა იყოს გამოძიებული, ხოლო თანამდებობის პირების მხრიდან დანაშაული და რასიზმი მკაფიოდ დაგმობილი.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივა მიმართული უნდა იყოს  სტუდენტებისადმი სოლიდარობის გამოხატვისა და საზოგადოებაში შემწყნარებლობისა და მრავალფეროვნების პატივისცემის წახალისებისაკენ.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირების განცხადებები არ აღიქმებოდეს ორაზროვნად და ხელისუფლების პოზიცია, პირველ რიგში, ძალადობისა და დანაშაულის მკაფიო კრიტიკასა და ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვაზე იყოს აქცენტირებული.

სამწუხაროა, რომ თბილისის მერი კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს შანტაჟში, ხოლო ძალადობის ერთმნიშვნელოვან შეფასებასა და დაგმობას, თავს არიდებს.

ხელისუფლების მხრიდან შეუწყნარებლობით მოტივირებული უფლებადარღვევებისადმიშემგუებლური დამოკიდებულება ხელს უშლის მსგავსი დანაშაულების პრევენციას, ლეგიტიმურობას უკარგავს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას და  ძალადობას ახალისებს", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

8 აპრილს ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონიდან ადგილობრივმა მოსახლეობამ იქ მყოფი აფრიკელი სტუდენტები გააძევეს და მათ სცემეს. ვიდეოში, რომელიც სტუდენტებმა გადაიღეს ძალადობის ფაქტები ჩანს. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები