განზრახ მკვლელობა

25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული მოკლულის დედის ყოფილი ქმარია

შსს

თბილისისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოფელ თელეთში ვაკეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. 46 წლის ვ.ბ. მოკლული თამარ გამრეკელაშვილის დედის ყოფილი ქმარია. 

პოლიციის ინფორმაციით, 2015 წელს ვ.ბ. ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის (177 და 276-ე მუხლები) დააკავეს. ვ.ბ პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 13 აპრილს ვ.ბ.-მ ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილს, 1993 წელს დაბადებულ თამარ გამრეკელაშვილს სხეულზე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, შემთხვევის ადგილიდან ამოიღო, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თამარ გამრეკელაშვილი და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და დედის მიმართ ვ.ბ.-სგან არსებულ ზეწოლაზე შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

პოლიციაში შვილის მკვლელობის შესახებ შეტყობინება დედის მიმართ ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თამარ გამრეკელაშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები