მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე

25 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე, კიდევ 1 პირი შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე, კიდევ ერთი პირი შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით მკვლელობაში ბრალდებული ვ.ბ, რომელმაც ყოფილი ცოლის შვილი მოკლა, მკვლელობის ადგილიდან მიმალვის შემდეგ მის ახლობელთან თ.ბ.-სთან იმალებოდა სახლში, რომელმაც მკვლელობის შესახებ იცოდა. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვ.ბ., რომელიც სამართალდამცველებმა 14 აპრილს თელეთში დააკავეს, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ, თავის ახლობელთან - თ.ბ.-სთან მივიდა და მის სახლში იმალებოდა. თ.ბ.-მ მომხდარი მკვლელობის შესახებ იცოდა, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინა. გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული  2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ორო დღის წინ ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი მოკლეს. ბრალდებულის სახით გამრეკელაშვილის დედის ყოფილი ქმარი არის დაკავებული. 

შსს-ს ინფორმაციით, 2015 წელს ვ.ბ. ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის (177 და 276-ე მუხლები) დააკავეს. ვ.ბ პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.


 

კომენტარები