ვლადიმირ პუტინი

პუტინი: სირიაზე სარაკეტო დარტყმების გაგრძელება საერთაშორისო ქაოსს გამოიწვევს

ვლადიმირ პუტინი
Sputnik

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კვირას ირანის პრეზიდენტს, ჰასან როუჰანის ესაუბრა.

სატელეფონო საუბარი სირიაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო და პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმების გაგრძელება "საერთაშორისო ქაოსს" გამოიწვევს.

გავრცელებული ცნობით, როუჰანი და პუტინი თანხმდებიან, რომ დასავლეთის სარაკეტო დარტყმები რეგიონში პრობლემების პოლიტიკურ გადაჭრას ხელს უშლის.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, მიუხედავად რუსეთის გაფრთხილებისა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ ერთობლივი სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. სამიზნეებს ის ლაბორატორიები წარმოადგნედა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, სირიის მთავრობა ქიმიურ იარაღს ამზადებდა.

აშშ-ის განცხადებით სულ 105 რაკეტა გაისროლეს და არც ერთი მათგანი სირიის ძალებს არ ჩამოუგდია. რუსეთის განცხადებით სირიის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ 71 რაკეტა ჩამოაგდო.

გაეროში აშშ-ის ელჩის, ნიკი ჰეილის თქმით ასადის რეჟიმთან დაკავშირებული რუსული კომპანიებისათვის ახალი სანქციები დაწესდება და ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ორშაბათს გაკეთდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის თქმით ახალი სანქციების შემთხვევაში რუსეთის მხრიდან პასუხი არ დააყოვნებს.

კომენტარები