ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციელი და მისი ძმა დააკავეს

www.geo.tv

ოჯახში ძალადობის ბრალდებით ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი და მისი ძმა დააკავეს. სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, ი.ბ-ს ცოლის ცემაში, მის ძმას კი რძლის ცემაში ედება ბრალი.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ფაქტი 9 აპრილს მოხდა და ბრალდებულები 11 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებას საქართველოს პროკურატურა აწარმოებს. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ ი.ბ. რიგითი პოლიციელი იყო და მას უფლებამოსილება უკვე შეუწყდა.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ტაბულას განუცხადეს, რომ ორივე ბრალდებულს 13 აპრილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.

სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, ძალადობა არასრულწლოვნების თანდასწრებით მოხდა და ორივე ბრალდებული არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს პროკურატურასაც, სადაც ამბობენ, რომ საქმეზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

კომენტარები