სალომე ტატიშვილის საქმე

NGO-ები: სათხილამურო ტრასაზე დაღუპული ბავშვის საქმეზე სასამართლო აბსტრაქტული იყო

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებით, გუდაურში სათხილამურო ტრასაზე დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა "არაერთ შემთხვევაში აბსტრაქტული და არადამაჯერებელი იყო". ცნობისთვის, 2016 წლის 10 იანვარს, სალომე ტატიშვილს ტრასაზე დაშვებისას უკნიდან შეეჯახა 22 წლის გიორგი ლიპარტელიანი, რომელიც დიდი სიჩქარით სრიალებდა. 12 წლის მოზარდი მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. გიორგი ლიპარტელიანს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 29 დეკემბერს ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო. ამ ეტაპზე საქმე თბილისის სააპელაციო საამართლოში განიხილება.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში მოყვანილი მსჯელობებიდან იკვეთება, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, "მოსამართლის მიერ მტკიცებულებები ინტერპრეტირებული და შეფასებულია ცალმხრივად და ყურადღების მიღმაა დატოვებული არაერთი მოწმის ერთგვაროვანი ჩვენება". NGO-ები აღნიშნავენ, რომ სასამართლო ფაქტებს უნდა აფასებდეს ობიექტურად და მიუკერძოებლად, რაც მოითხოვს ყველა მტკიცებულების შეფასებას, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ვინმესთვის რაიმე უპირატესობის მინიჭების გარეშე.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მართლმსაჯულების სამართლიანად აღსრულების მიზნით, მნიშვნელოვანია, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ყურადღება გამახვილდეს იმ საკითხებზე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არადამაჯერებლად, საეჭვოდ და დაუსაბუთებლად გადაწყვიტა/შეაფასა, ან საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა:

  1. გამოტანილ განაჩენში პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს, რომ "საქართველოში არ არის განსაზღვრული სათხილამურო სპორტში სიჩქარის დაშვებული ლიმიტი, შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს ზღვარი, თუ რა სიჩქარე ჩაითვლებოდა წინდახედულობის ნორმის გათვალისწინებად, რომლის დაცვის შემთხვევაშიც გამოირიცხებოდა გ.ლ-ის მიერ წინდახედულობის ნორმის დარღვევა“. მოსამართლის მსჯელობიდან ცალსახად იკვეთება, რომ იგი ფაქტობრივად გამორიცხავს წინდახედულობის ნორმის საერთოდ არსებობას იმ პირობებში, როდესაც რაიმე დეტალურად არ არის კანონში გაწერელი. მსგავსი მსჯელობა საფრთხის შემცველია, ვინაიდან იგი ეჭვქვეშ აყენებს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის. ამით სასამართლო მიანიშნებს, რომ წინდახედულობის ნორმების დარღვევის შემთხვევაშიც კი, თუ ყველა შესაძლო შემთხვევა დეტალურად არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული, პასუხი არავის მოეთხოვება. შეუძლებელია, კანონში გაწერილი იყოს ყველა შესაძლო კონკრეტული შემთხვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს წინდახედულობის ნორმა. უფრო მეტიც, გაუფრთხილებლობითი დანაშაულის შინაარსი და წინდახედულობის არსიც სწორედ ის არის, რომ ადამიანებმა იმოქმედონ პასუხისმგებლობით და საკუთარი ქმედებები შეუსაბამონ ამა თუ იმ სფეროში არსებულ გამოცდილებას.
  2. განაჩენიდან იკვეთება, რომ მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო არაერთი მოწმის ჩვენება და საკუთარი მსჯელობები გაუგებარ/ბუნდოვან გარემოებებს დააფუძნა. საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმე მიუთითებდა, რომ საქმეზე ბრალდებული მოძრაობდა ძალიან სწრაფად, სიჩქარის კონტროლის გარეშე, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა. თუმცა, მოსამართლემ უპირობოდ გაიზიარა მხოლოდ ბრალდებულის პოზიცია, რომ იგი აკონტროლებდა სიჩქარესა და მოძრაობის ტრაექტორიას. ამასთან, მოსამართლემ, აგრეთვე საეჭვოდ, ფაქტობრივად უყურადღებოდ დატოვა თავად ბრალდებულის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი საუბრობს მოთხილამურის მიერ გასათვალისწინებელ გარემოებებზე. იმ პირობებში, როდესაც მოსამართლეს მიაჩნია, რომ არ არსებობს წინდახედულობის ნორმა, თავად ბრალდებული მიუთითებდა, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა ეს ნორმები, რაც მას უკრძალავდა კონტროლის გარეშე სრიალს.
  3. სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის დადგენილი, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები შეჯახებამდე და უშუალოდ შეჯახების პროცესში, რა ტრაექტორიით მოძრაობდა სალომე ტატიშვილი და რა ტრაექტორიით - ბრალდებული. სასამართლოს ეს მსჯელობა ეწინააღმდეგება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს. მოწმეები ერთგვაროვნად მიუთითებენ, რომ ბრალდებული მოძრაობდა ძალიან სწრაფად პირდაპირი დაშვებით, ხოლო სალომე ტატიშვილი აკეთებდა მოხვევის მანევრს. მოწმეებისვე განმარტებით, სალომე ტატიშვილი სრიალებდა წესების დაცვით, საშუალო სიჩქარით და დიდი მოხვევებით. შესაბამისად, ამ ნაწილშიც გაუგებარია, რას დააფუძნა სასამართლომ თავისი მსჯელობა და რატომ არ მიიღო მხედველობაში მოწმეთა ერთგვაროვანი ჩვენებები.
  4. მოსამართლე განაჩენში მიუთითებს, რომ "ექსტრემალური სპორტი თავისი შინაარსით სახიფათო სპორტია და თავის თავში მოიცავს ტრავმებს. ზოგადად სპორტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რასაც ვერ ვიტყვით ექსტრემალურ სპორტზე, რომელიც მაღალი რისკით გამოირჩევა“. გაუგებარია, რას ემსახურება მოსამართლის აღნიშნული განმარტება და ერთგვარი განწყობის/შთაბეჭდილების შექმნა სასამართლოს მხრიდან, რომ ექსტრემალური სპორტის პირობებში წინდახედულობის ნორმები შეიძლება არ იყოს დაცული. ამ ნაწილში, ისევე როგორც განაჩენის სხვა ნაწილებში გაუგებარი რჩება, რა ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ გარემოებებს აფუძნებს მოსამართლე საკუთარ შეფასებებს" - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

NGO-ების შეფასებით, მართლმსაჯულების სანდოობის და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამახვილოს ყურადღება ამ ბუნდოვანებებზე და სათანადო შეფასება მისცეს იმ გარემოებებს, რომელიც პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას არასათანადოდ იყო განხილული და შეფასებული. განცხადებას ხელს აწერენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ადამიანის უფლებათა ცენტრი და სამართლიანი არჩევნები (ISFED).

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სალომე ტატიშვილის საქმის განხილვა დღეს, 16 აპრილს მიმდინარეობს.

კომენტარები