ფემიციდი

უზნაძის ქუჩაზე ქალის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

Getty Images

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უზნაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში 19 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 ივლისს, ქ.თბილისში, რ.ა.-მ მუქარითა და ძალის გამოყენებით მამიდაშვილის ა.ხ.-ს გაუპატიურება სცადა, თუმცა ა.ხ.-ს მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. დანაშაულის დაფარვის მიზნით რ.ა.-მ განსაკუთრებული სისასტიკით, ძლიერი ტკივილისა და ტანჯვის მიყენების განზრახვით, დანით ა.ხ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ა.ხ. ადგილზე გარდაიცვალა", - აცხადებს პროკურატურა.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცველებმა 2017 წლის 18 ივლისს, ფოთში დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების მცდელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. რ.ა.-ს სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ახალგაზრდა ქალის ცხედარი 2017 წლის დღეს, 17 ივლისს იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 19 წლის გოგო თბილისში ნათესავთან ერთად ცხოვრობდა.

კომენტარები