სირიის კონფლიქტი

მეი: სირიაზე განხორციელებული სარაკეტო შეტევა მორალურად სწორი და კანონიერი იყო

ტერეზა მეი
Getty Images

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის მიერ სირიაზე განხორციელებული სარაკეტო შეტევა მორალურად სწორი და კანონიერი იყო. 

მეიმ განმარტა, რომ "ყველაფერი ნათელი იყო." სწორედაც, რომ ქიმიური იარაღი ასადის სამთავრობო რეჟიმმა გამოიყენა.

14 აპრილს, მიუხედავად რუსეთის გაფრთხილებისა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ ერთობლივი სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. სამიზნეებს ის ლაბორატორიები წარმოადგნედა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, სირიის მთავრობა ქიმიურ იარაღს ამზადებდა.

აშშ-ის განცხადებით, სულ 105 რაკეტა გაისროლეს და არც ერთი მათგანი სირიის ძალებს არ ჩამოუგდია. რუსეთის განცხადებით კი სირიის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ 71 რაკეტა ჩამოაგდო.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წარმომადგენლებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის დროსაც გარდაიცვალა სულ მცირე 60 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები და დაშავდა 1 000-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები