სექსუალური შევიწროება

"ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ" - დევდარიანი მოწმის სტატუსით გამოკითხეს

სექსუალური შევიწროების საქმეზე სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი გამოკითხეს. ის ადვოკატთან ერთად, პოლიციის სამმართველოში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ზვიად დევდარიანის თქმით, აპირებს, მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს. 

"მზად ვართ ვითანამშრომლოთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საგამოძიებო ორგანოებთან, სახალხო დამცველთან, იმიტომ, რომ ჩვენ ვთვლით, რომ ერთადერთი გზა ჩვენი მხრიდან არის სამართლებრივი გზა. ასე რომ, ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ," - განაცხადა დევდარიანმა. 

სიდა-ს ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატის თქმით, ზვიად დევდარიანი გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარეს. ნინო ბარაჩაშვილი აღნიშნავს, რომ მან ხელი გაუთქმელობის შესახებ დოკუმენტს მოაწერა და სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს. 

"გავეცით ყველა დასმულ კითხვას პასუხი, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ" - თქვა ადვოკატმა.

Cida-ს ყოფილი ხელმძღვანელი 17 მარტს 10-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. დევდარიანის მტკიცებით, ეს მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ზვიად დევდარიანი 16 მარტს სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა, თუმცა გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა. ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის.

ზვიად დევდარიანის საქმეზე შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე პრიმა მუხლით დიწყო.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 151¹, ადევნების მუხლი 2017 წლის 4 მაისიდან არსებობს. ეს არის:

"პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის" და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კომენტარები