პრეზიდენტის შეწყალება

POG: პრეზიდენტმა მსჯავრდებული სასამართლო განხილვების დასრულებამდე შეიწყალა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის მსჯავრდებული პირი საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო პროცესების დასრულებამდე შეიწყალა.

საუბარია იმაზე, რომ საქმე ჯერ კიდევ განიხილება სააპელაციო სასამართლოში, სადაც პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 27 მაისს, ღამის საათებში, ნ. თ. - მ სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე განიზრახა გ. უ. - ს მოკვლა და დანისმაგვარი საგნით სახის, მუცლის ღრუსა და ტანის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. 2016 წლის 28 ივნისს სამართალდამცავების მიერ დაკავებულ იქნა ძებნილი ბრალდებული. 2017 წლის 24 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, შეიცვალა ნ. თ. - ს საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული კვალიფიკაცია, დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე თქმით, საქალაქო სასამართლოს სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში, სადაც ითხოვენ ნ.თ.-ს დამნაშავედ ცნობას მკვლელობის მცდელობაში.

"საქმე ამჟამად განხილვის სტადიაზეა, თუმცა მსჯავრდებული საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელისაგან", - აღნიშნავენ საგამოძიებო უწყებაში.

კომენტარები