ბიუროკრატია

გადასახადის გადამხდელებს 2017 წელს მთავრობის საოფისე ინვენტარის შენახვა 179,006,000 ლარი დაუჯდათ

flickr.com

საქართველოს გადასახადის გადამხდელებს მთავრობის კუთვნილი ოფისების მოვლა/შენახვა 179,006,000 ლარი დაუჯდათ. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის შესრულებაზე მომზადებული ანგარიშიდან ირკვევა.

2016 წელთან შედარებით, მთავრობის კუთვნილი პრინტერების, საქაღალდეების, სკამებისა და ბაინდერების შენახვა 1 მილიონით უფრო ძვირი დაუჯდათ.

საოფისე ხარჯებთან ერთად გაზრდილია თანხა, რასაც საქართველოს მაღალჩინოსნები მივლინებებში ხარჯავენ. 2017 წელს მივლინებები 71,609,200 ლარი დაჯდა, ეს 2016 წლის მაჩვენებელს 2 მილიონით აღემატება.

გაზრდილია წარმომადგენლობითი ხარჯებიც. წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს სარესტორნო, ოფიციალური საჩუქრებისა და მიღებებისთვის დახარჯულ თანხას. ის 2017 წელს 22,382,000 ლარს შეადგენდა. ეს 2016 წელთან შედარებით ასევე 2 მილიონით მეტია.

2017 წელს საქართველოს ბიუჯეტი 11.7 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამ თანხიდან თითქმის 30% მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფაზე დაიხარჯა. ბიუჯეტის 20%-მდე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა. დაახლოებით 15% კი საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დაიხარჯა.

კომენტარები