ნარკოდანაშაული

შსს: 4 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი მაღალტემპერატურულ ღუმელში გავანადგურეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 400 კილოზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი "თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა".


ფოტო: შსს

შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის 800 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით, ოთხ მილიონ ლარზე მეტია.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 996 გრამი კოკაინი, 288 გრამი ჰეროინი, 1402 აბი „სუბუტექსი“, კოდეინის შემცველი 1317 აბი, 55 გრამი და 173 აბი მეტადონი, 172 გრამი და 77 აბი „მდმა“, ასევე, სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ "ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და ფილტრაციის სისტემების მქონე მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

კომენტარები