საფრანგეთი

მაკრონი ასადს 2001 წელს მიღებულ საპატიო ლეგიონის ორდენს ჩამოართმევს

ბაშარ ალ-ასადი და ჟაკ შირაკი 2001 წელს
Getty Images

საფრანგეთის მთავრობამ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადისათვის გადაცემული უმაღლესი ჯილდოს, საპატიო ლეგიონის ორდენის ჩამორთმევის პროცესი დაიწყო.

საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ განხორციელებული სარაკეტო დარტყმებიდან ერთი კვირის შემდეგ ემანუელ მაკრონმა გადაწყვიტა ასადს 2001 წელს მიღებული ორდენი ჩამოართვას. ორდენი ასადს სირიის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა გადასცა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ 8 წლის შემდეგ გახდა. ჟაკ შირაკმა ორდენი 2006 წელს ვლადიმირ პუტინსაც გადასცა, რასაც კრიტიკა მოჰყვა.

ორდენის ჩამორთმევის უფლება მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტს აქვს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს ეს უფლება მიენიჭა ორდენი ჩამოერთვათ კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს (სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო), ველომრბოლელ ლენს არმსტრონგს (აკრძალული პრეპარატების მიღების გამო) და დიზაინერ ჯონ გალიანოს (ანტისემიტური გამონათქვამების გამო). 2011 წლის შემდეგ ასადს საკუთარი ქვეყნის ათასობით მოქალაქის მოკვლაში ადანაშაულებენ, მათ შორის ქიმიური იარაღის მეშვეობით.

1802 წელს ნაპოლეონ ბონაპარტეს მიერ შექმნილი ჯილდო ყოველწლიურად 3,000-მდე ადამიანს გადაეცემა გამორჩეული საქმიანობის და სამხედრო სიმამაცისათვის. ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით ეს რიცხვი შემცირდება და ყოველწლიურად 2,000-ზე მეტი ორდენს არ გასცემენ.

კომენტარები