14 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

რაჭა - რიონის ხეობა
wikipedia.org

14 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. მაღალმთიანი დასახლების სიას ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულის, ბორჯომის, მარნეულის, ქარელის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სოფლები დაემატა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინსიტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. 

„მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 14 სოფელი დაემატა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებში ძალიან ბევრი მრავალშვილიანი დედა, ექიმი, პენსიონერი, ასევე საწარმოები, რომლებიც იქ ფუნქციონირებს, დამატებით შეღავათებს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ათი ათასობით ოჯახმა უკვე ისარგებლა ამ შეღავათებით, რაც უმნიშვნელოვანესია, არა მხოლოდ ადგილზე მოსახლეობის დამაგრებისთვის, არამედ მთაში ხალხის დაბრუნებისთვის. ეს არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების ამოცანაც გახლავთ. ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. კანონით გათვალისწინებული შეღავათების გარდა, 10 მილიონი ლარი გამოიყო მთიანი რეგიონებისთვის ტრადიციული კულტურებისა და ეკონომიკური მიმართულებების განვითარებისთვის და ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, ვფიქრობთ, ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია." - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

სოფლები, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა: საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლიჩი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლები: მელუშეეთი, ბეგიაური, მანდაეთი და წყალშავი; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები: მზვარე, ჩრდილი და გედსამანია; ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლები: ტაძრისი და საკირე; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ბრდაზორი; ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ღოღეთი; ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანი და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხურა.

კომენტარები