ეკონომიკური ზრდა

2017 წელს თურქეთისა და სომხეთის ეკონომიკური ზრდა საქართველოზე მაღალი იყო

თურქული ლირა
reuters

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის განახლებული შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეკონომიკა 2017 წელს 4.79%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი სომხეთისა და თურქეთის ეკონომიკურ ზრდას ჩამორჩება.  2017 წელს სომხეთის ეკონომიკა 7.47%-ით გაიზარდა, თურქეთის ზრდამ კი 7.04% შეადგინა. 

რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა რუსეთის (1.54%), აზერბაიჯანის (0.07%) და უკრაინის (2.52%) მაჩვენებელს აღემატება.

სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველო ეკონომიკური ზრდით 44-ე ადგილზე იყო. საქართველოზე მაღალი ზრდა არამარტო განვითარებად, არამედ განვითარებულ ქვეყნებსაც ჰქონდათ. მათ შორისაა ირლანდიაც, რომლის ეკონომიკაც 2017 წელს 7.4%-ით გაიზარდა. 

ეკონომიკური ზრდით პირველ ადგილზე კი ლიბიაა, რაც რეკორდულ 71%-ს შეადგენს. ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზი ოთხწლიანი არეულობის დასრულება და ნავთობმოპოვების განახლება იყო. უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო ყველაზე მეტად ვენესეულის ეკონომიკა შემცირდა. ვარდნამ ვენესუელაში 14% შეადგინა. 

კომენტარები