ადრეული ქორწინება

"9-10-11-12 წელი გოგონებთან ბავშვობის დასასრულია" - კვლევა ადრეული ქორწინების შესახებ

"არასდროს მსმენია, კაცს ცოლის მოყვანა არ უნდოდეს და ვინმემ იძულებით დააქორწინოს, მაგრამ შემიძლია ერთი შემთხვევის შესახებ მოგიყვეთ: ჩემს ბიძაშვილს გოგოზე დაქორწინება უნდოდა, მაგრამ გოგო თანახმა არ იყო. მიუხედავად ამისა, მისმა მშობლებმა ჩემს ბიძაშვილზე დაქორწინება აიძულეს", - ეს ადრეული ქორწინების შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის ახალი კვლევიდან ამონარიდია. ისტორიას კახეთში მცხოვრები 17 წლის ბიჭი ყვება.

UNFPA-ს კვლევის მიხედვით, ადრეული/ ბავშვობის ასაკში ქორწინება ჩვეულებრივი და გავრცელებული მოვლენაა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქის, თბილისის, ჩათვლით.

"ადრეული ქორწინება არ ახასიათებს მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფს ან ტრადიციას. ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორი უთანასწორო გენდერული ნორ­მები და დისკრიმინაციული გენდერული ურ­თიერთობებია, რომლებიც ქვეყნის ყველა ეთნიკურ ჯგუფს ახასიათებს როგორც სოფლად, ასევე ქალაქად", - აღნიშნულია კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, გავრცე­ლებული შეხედულება იმასთან დაკავში­რებით, რომ ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორ­წინება ძირითადად ეთნიკურ უმცირესობებს ან სოფლად მცხოვრებ თემებს ახასიათებს, შეიძლება გამომდინარეობდეს იმ ფაქტიდან, რომ, ეთნიკურ უმცირესობებში გოგონების ქორწინების ასაკად ხშირად სახელდება 13, 14 ან 15 წელი, განსხვავებით ძირითადი მოსახლეობისგან, რომლის წარმო­მადგენლები უფრო 16-17 წლის გოგონების ქორწინებაზე ლაპარაკობენ.

ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება განისაზღვრება როგორც რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც არ მიუღწევია 18 წლამდე.


ფოტო: UNFPA GEORGIA
კვლევაში საუბარია გოგონების მოტაცების შემთხვევებზეც. დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ შედეგების მიხედვით, ქორწინება მოტაცებით ჯერ კიდევ ხდება, თუმცა ბოლო წლებში ტენდენციის შესუსტება დაფიქსირდა.

"[კვლევაში] მონაწილეების ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ ეს მოქმედი პრაქტიკაა. როგორც 23 წლის თბილისელი ქალი ამბობს, რომელიც ბავშვობაში მოიტაცეს, მოტაცებისა და დაქორწინების შემდეგ გოგონებს მშობლების სახლში აღარ ელიან - "ასეთი წესი გვაქვს: როდესაც გოგოს მოიტაცებენ, მას აღარ შეუძლია სახლში დაბრუნება“. ამის მსგავსად, თელაველი პოლიციელის განმარტებით, ხანდახან გოგონებს სკოლაშიც არ უშვებენ მოტაცების თავიდან აცილების მიზნით", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში ბიჭები ბევრად უფრო "თავისუფლები" არიან.

"ოჯახური ნორმები ხშირად უფრო შემწყნარებელია ბიჭების მიმართ: ბიჭს მეტი თვისუფლება აქვს, ოჯახის წევრებს აცნობოს, რომ რჩეული ჰყავს, ვიდრე გოგონას. მამების გადაწყვეტილება ქორწინებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გოგონებს ეხება, უფრო მნიშვნელოვნად ითვლება, ვიდრე დედებისა, რომლებიც უფრო აზრს გამოთქვამენ, ვიდრე გადაწყვეტილებებს იღებენ", - წერია კვლევაში.

დოკუმენტში საუბარია ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობ ფაქტორებზეც:

  • საზოგადოებაში დამკვიდ­რებული ნორმა, რომელიც უკრძალავს ახალგაზრდებს, თავისუფლად ხვდებოდნენ შეყვარებულებს, ქორწინება კი ლეგიტიმაციას აძლევს მსგავს შეხვედრებს ქალსა და ვაჟს შორის.
  • უმკაცრესი ნორმა, რომელიც უკრძალავს მო­ზარდებს ქორწინებამდე სქესობრივი ცხოვ­რების დაწყებას, ამავდროულად აიძულებს მათ, გამოიყენონ ქორწინება როგორც საზოგადოებისთვის მისაღები ალტერნატივა საკუ­თარი სექსუალობის შესასწავლად.
  • მამაკაცურობის გავრცელებული ფენომენი, რომელიც ახალისებს მამაკაცებს, როგორც სექსუალურ ქმნილებებს, და ნებას რთავს ბიჭს, ჰქონდეს სექსი გარდატეხის ასაკში, განსხვავებით მისივე ასაკის გოგონასაგან.
  • ტექნოლოგიების გაზრდილი მოხმარება, რაც ზღუდავს სივრცეს სოციალური აქტივობებისა და გართობისთვის, შესაბამისად, მოზარდები ერთმანეთს მხო­ლოდ სოციალური ქსელების მეშვეობით ეკონ­ტაქტებიან, რეალურ ცხოვრებაში კი ეძებენ მნიშვნელოვან ურთიერთობებს.
  • უმუშევრობასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევები, რაც აიძულებს ოჯახებს, ქორწინება გამოიყენონ როგორც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სა­შუალება.
  • საზოგადოებრივი წნეხი, რომელიც გოგონას სტიგმატიზებას ახდენს, თუ ის დაუქორწინებელია 20 წლის ასაკში, რაც ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. გარდა ამისა, უფროს თაობასთან და დედამთილმამამთილთან ერთად ცხოვრების ტრადიციამ ასევე წარმოქმნა ის კონტექსტი, სადაც დედამთილს ურჩევნია, ახალგაზრდა რძალი ჰყავდეს, რომელსაც იოლად "გამოზრდის".
  • სხეულის ფორმების ცვლილება ხშირად ის ინდიკატორია, რომელიც განსაზღვრავს, შეიძლება თუ არა გოგონა უკვე ქალად ჩაითვალოს. ხშირ შემთხვევაში პუბერტატის სტადიაში მყოფი გოგონა ზრდასრულად გა­მოიყურება, რაც მას ნაადრევი ქორწინების კიდევ უფრო მაღალი რისკის ქვეშ აყენებს.

UNFPA-ში მიიჩნევენ, რომ ამ ფაქტორების ურთიერთგადაკვეთის ტენდენცია, საბოლოო ჯამში, მოზარდთა ნაადრევი ქორწინებისთვის ხელსაყრელ პირობას ქმნის, ხოლო მათ შესაძლებლობებსა და არჩევანს მნიშვნელოვნად ზღუდავს.


ფოტო: UNFPA GEORGIA
კვლევის მიხედვით, ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების კიდევ ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი არის საზოგადოებრივი აზრი, რაც აიძულებს მშობლებს და გოგონებს, იზრუნონ გოგონების ნაადრევად დაქორწინებაზე. ინტერვიუებმა გამოავლინა, რომ, საზოგადოების აზრით, 22 წლის ზემოთ გოგონას დაქორწინება დაგვიანებულად ითვლება, ხოლო 26 წლის და მეტი ასაკის გოგონები "შინაბერებად" მოიხსენებიან. ამ დროს მეზობლები დაჟინებით იწყებენ შეკითხვების დასმას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის აპირებს გოგონა დაქორწინებას.

"ჩვენს თემში ადვილია დაქალდე და დაქორწინდე. თუ ბავშვი გამოიყურება როგორც ქალი და ასაკიც ხელს უწყობს, ის შეიძლება მარტივად დაქორწინდეს. სხვა ბარიერი მისთვის არ არსებობს", - თქვა ერთ-ერთმა რელიგიურმა ლიდერმა ქვემო ქართლში.

"რა თქმა უნდა, გოგონები უფრო ადრე მწიფდებიან, ვიდრე ვაჟები, რადგან ისინი უფრო სწრაფად იზრდებიან. 9-10-11-12 წელი გოგონებთან ბავშვობის დასასრულია", - ამბობს სხვა რელიგიური ლიდერი.

კვლევაში საუბარია ადრეული ქორწინების გამოწვევ ეკონომიკურ მიზეზებზეც.

"ძლიერი კავშირების დამყარება ხშირად არის ქორწინების მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი, ოჯახი წყვეტს, თუ ვისზე და როდის უნდა დააქორწინოს მოზარდი. როგორც ჩვენი კვლევის მონაცემებმა გვაჩვენა, საბოლოო ჯამში თავად მოზარდებიც ითავისებენ საკუთა­რი მშობლების სურვილს, გაიუმჯობესონ ეკო­ნომიკური მდგომარეობა და, მიუხედავად იმისა, რომ მათ აიძულებენ ნაადრევად დაქორწინებას, მაინც ცდილობენ, საკუთარი მშობლების გადაწყვეტილებას რაციონალური ახსნა მოუძებ­ნონ და აცხადებენ, რომ "ბედნიერები არიან", - წერია დოკუმენტში.

ინტერვიუების შედეგებმა დაადასტურა, რომ, როდესაც ახალგაზრდები წყვეტენ დაქორწინებას, ძირითად ფინანსურ დახმარებას ახლად შეუღლებულებისთვის მშობლები უზრუნველ­ყოფენ.

"მშობლებთან ერთად ცხოვრება ქმნის ზეწოლას წყვილებზე, მაგრამ განსაკუთრებით ბიჭებზე, რომ ისინი იყვნენ ფინანსურად დამოუკიდებლები ქორწინებამდე. მეორე მხრივ, გოგონებისთვის ზეწოლა სწავლის დასრულებასთან დაკავშირებით არის ქორწინებაზე უარის თქმის ხელ­შემწყობი ფაქტორი, თუმცა მსგავსი შემთხვევები ხშირად არ ხდება. უფრო ხშირად კი ზეწოლა ხელს უშლის გოგონებს, გააგრძელონ განა­თლება. რაც შეეხება ბიჭებს, ინტერვიუების დროს გამოვლინდა, რომ მოლოდინი, რომ ისინი გახდებიან ოჯახის მარჩენლები, ხშირად გადადის მოზარდ ბიჭებზეც", - აღნიშნულია კვლევაში.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ძალიან ცოტაა შემთხვევები, როდესაც მოზარდები წინააღმდეგობას უწევენ მშობლების მიერ თავსმოხვეულ ქორწინებას. არსებობს მოსაზრება, რომ გოგონები უფრო მეტად ხდებიან მსგავსი ქორწინების მსხვერპლნი და ბიჭებზე ნაკლები უფლებები აქვთ. გურჯაანში გამოკითხვისას მკვლევარებს გაუზიარეს ამბავი იძულებითი ქორწინების შესახებ, როდესაც გოგონას არ უნდოდა დაქორწინება, მაგრამ ვერ გადალახა მშობლების ნება.

"არასდროს მსმენია, კაცს ცოლის მოყვანა არ უნდოდეს და ვინმემ იძულებით დააქორწინოს, მაგრამ შემიძლია ერთი შემთხვევის შესახებ მოგიყვეთ: ჩემს ბიძაშვილს გოგოზე დაქორწინება უნდოდა, მაგრამ გოგო 46 თანახმა არ იყო. მიუხედავად ამისა, მისმა მშობლებმა ჩემს ბიძაშვილზე დაქორწინება აიძულეს", - ამბობს 17 წლის დაქორწინებული ვაჟი კახეთიდან.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ არსებობს უკეთესი შემთხვე­ვებიც, როდესაც გოგონების მშობლები პრიორიტეტს განათლებასა და დასაქმებას ანიჭებენ, მაშინაც კი, როდესაც მათ შვილებს სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ.

"ერთმა ჟურნალისტმა გვიამბო ისტორია მოზარდი გოგონას შესახებ, რომელსაც დაქორწინებას აიძულებდნენ, მაგრამ მან არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, ისინი კი, თავის მხრივ, ადრეულ ქორწინებას შეეწინააღმდეგნენ", - აღიშნულია კვლევაში.

შედეგები

ადრეულ ასაკში ქორწინებას, როგორც წესი, თან ახლავს განათლების მიღების პრობლემა, ჯანმრთელობის გაუარესება, ნაადრევი მშობიარობა/აბორტი და ა.შ.

განათლება

ბევრი გოგონა ადრეული ქორწინების გამო სწავლას წყვეტს. ამ შეუთავსებლობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ძნელია ბალანსის დაცვა განათლებასა და გოგონებზე ქორწინების შემდეგ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას შორის.

UNFPA-ს კვლების მიხედვით, გოგონებისთვის სწავლის გაგრძელების უფლება დაქორწინების შემდეგ, განსხვავებით ბიჭებისაგან, იშვიათი გამონაკლისია და გა­დაწყვეტილება ქმრის ან დედამთილ/მამამთილის ხელშია. გამოკითხულთა უმრავლესობა თანხმდება, რომ განათლება გოგონებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მათი სწავლის მთავარი მიზანია, რომ მათ შეძლონ ბავშვების კარგად აღზრდა.

"რომ არ დავქორწინებულიყავი, ახლა კარგი სამსახური და პროფესია მექნებოდა", - ამბობს ქორწინებაში მყოფი 17 წლის გოგო.

კვლევაში აღნიშნულია, რომ გასაუბრებისას მსგავს დამოკიდებულებას ქორწინებაში მყოფი ადამიანები ხშირად ავლენენ, უმეტესად ქალები.

"ბიჭების შემთხვევაში ნაკლებად ხდება, რომ მათი ოცნებები თუ სურვილები ქორწინების გამო აუხდენელი დარჩეს. ამასთან, ბიჭების ერთ-ერთ ცხოვრებისეულ მიზნად ოჯახზე პასუხისმგებლობის აღება ითვლება და დაქორწინებით ისინი ამ მოლოდინს ამართლებენ", - წერია დოკუმენტში.


ფოტო: UNFPA GEORGIA
კვლევის მიხედვით, რესპონდენტები ყველა რეგიონსა და ჯგუფში თანხმდებოდნენ, რომ საზოგადოება უპირატესობას ანიჭებს ბიჭების და ზოგადად მამაკაცების მიერ განათლების მიღებას. უმეტესობა თანხმდებოდა ქალების მიერ დაწყებითი განათლების მიღების მნიშვნელობაზე, მაგრამ ნაკლებად უჭერდნენ მხარს გოგონების მიერ საშუალო და განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას.

"ქორწინებაში მყოფ გოგონებს სკოლაში სიარული ეკრძალებათ. მასწავლებელი, რომელიც მუშაობდა ქართულ და აზერბაიჯანულ სკოლებში, საუბრობს იმის შესახებ, რომ სკოლის ადმინისტრაციაც და მშობლებიც ქორწინებაში მყოფ გოგონებს უკრძალავენ სკოლაში სიარულს და ამას იმით ხსნიან, რომ ქორწინებაში მყოფი გოგონები ახლა სხვა გოგონებსაც "გააფუჭებენ". სკოლებში საკითხიც კი დაისვა, რომ ქორწინებაში მყოფი გოგონების დასწრებისა და მათზე სკოლის ატესტატების გაცემის წესი ოდნავ სახეცვლილი სახით მიეღოთ. პედაგოგის აზრით, ამის მიზეზია ის, რომ ქორწინებაში მყოფი გოგონა ითვლება ცხოვრების ახალ - "ქალურ" - ეტაპზე გადასულად და აღიქმება როგორც სექსუალურად აქტიური, შესაბამისად, ის არასასურველი მეგობარია თავისი დაუქორწინებელი თანატოლებისთვის. ოჯახის ქალი წევრებიც ემხრობიან იმას, რომ ქორწინებაში მყოფი ქალი არ უნდა დადიოდეს სკოლაში, რადგან ოჯახს უნდა მიხედოს", - ნათქვამია კვლევაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ქალების და გოგონების განათლება გამართლებულია იმდენად, რამდენადაც ის სასარგებლოა მათი შვილებისთვის, ანუ იგულისხმება, რომ გოგონებმა უნდა აღზარდონ და ასწავლონ საკუთარ შვილებს და ქმრების ნაცვლადაც აკეთონ ეს.

ჯანმრთელობა

გაეროს მოსახლეობის ფონდის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება ზრდის დედათა და ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს.

UNFPA-ს კვლევის მიხედვით, ​მონაწილე­თა უმრავლესობა ეთანხმებოდა და ამჟღავ­ნებდა ცოდნას ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების თანმდევი ჯანმრთელობის რისკების შესახებ, დაწყებული მშობიარობის შემდგომი გართულებებით და დამთავრებული ფსიქოლოგიური ტრავმებით, რაც სწორედ ამ ტიპის ქორწინებას ახლავს თან.

"მონაწილეები ხაზს უსვამდნენ, რომ გოგონები გინეკოლოგთან მიდიან მხოლოდ ქორწინების შემდეგ, სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში ან ორსულობის დროს, და რომ არ იტარებენ რუტინულ შემოწმებას. ხშირად გოგონები ქორწინებამდე გინეკოლოგს მათი "ქალწულობის დადგენის" მიზნით აკითხავენ, ანუ პარტნიორები/ოჯახის წევრები მოითხოვენ, რომ გამოკვლეული იქნეს გოგონას საქალწულე აპკი და მოპოვებული იქნეს სამედიცინო ცნობა, რომ გოგონა ნამდვილად ქალწულია", - აღნიშნულია კვლევაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, დაუქორწინებელი გოგონები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიღების დროს მნიშვნელოვანი ბარიერების წინაშე დგანან. სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეები, დაქორწინებული ახალგაზრდა ქალები და კაცები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის რელიგიური და სათემო ლიდერები, აცხადებდნენ, რომ დაუქორწინებელი გოგონები თავს არიდებენ ჯანდაცვის სერვისების მიღებას ტაბუს გამო, რადგან ოჯახის წევრებმა შეიძლება გაიგონ მათი ქორწინებამდე სექსის ან სხვა ურთიერთობების შესახებ.


ფოტო: UNFPA GEORGIA
"მისი ოჯახი მიიღებს ამის შესახებ ინფორმაციას, [გამოარკვევს] და მან (გოგონამ) არ იცის, ამ დროს რა მოხდება. დიდი ომი და უსიამოვნება რომ მოჰყვეს? შესაძლებელია, ამის გამო მშობლებიც კი დაშორდნენ ერთმანეთს და როდესაც გოგონა ამას იაზრებს, ის ექიმთან წასვლაზე უარს ამბობს და არჩევს ალტერნატიული გზებით იმკურნალოს, სვამს რაღაც წამლებს, [რასაც ნათესავები ან მეზობლები მისცემენ]", - ამბობს 17 წლის ბიჭი შიდა ქართლიდან.

"როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, გოგონებს რცხვენოდათ გინეკოლოგთან წასვლა. ჩემი კლასელი მე-9 კლასში ორსულად იყო. მას რცხვენოდა ამის შესახებ ეთქვა დედისთვის ან დისთვის. საბოლოოდ როგორ დასრულდა, არ ვიცი, ბიჭი მეათეკლასელი იყო. მგონი, ბოლოს დეიდამ წაიყვანა ექიმთან აბორტის გასაკეთებლად", - ამბობს ქორწინებაში არ მყოფი გოგონა.

მობილურობა და სოციალური ქსელი

კვლევაში საუბარია ადრეულ ასაკში დაქორწინებული გოგონების სოციალურ კავშირებზეც. დოკუმენტის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, განსაკუთრებით თბილისში, თანხმდებოდა, რომ "ხშირად გოგონებს დაქორწინების შემდეგ უშლიან მეგობრებთან შეხვედრას სახლის გარეთ", განსაკუთრებით ბავშვის დაბადების შემდეგ. იგულისხმება როგორც ქალი, ასევე ვაჟი მეგობრები, თუმცა ვაჟებთან მეგობრობის გაგრძელება განსაკუთრებით მიუღებელია.

"ახალგაზრდა ცოლებს არა მხოლოდ მეგობრებთან ურთიერთობა ეკრძალებათ, არამედ კონტროლდება მათ მიერ ტექნოლოგიების გამოყენებაც. ბევრი მონაწილე ამბობდა, რომ ქორწინების შემდეგ ინტერნეტისა და ტელეფონის გამოყენება საგრძნობლად შეეზღუდა. მაგალითად, ერთ-ერთმა ქმარმა აღიარა, რომ "ქორწილის შემდეგ ჩემს ცოლს ინტერნეტის მარაგს არ ვუვსებდი". ინტერნეტის კონტროლის მეორე ფორმაა ქმრისა და ცოლის საერთო სოციალური ქსელის ანგარიში, რომელზეც ორივეს თანაბარი წვდომა აქვს", - აღნიშნულია კვლევაში.

ამავე დოკუმენტში 17 წლის გოგო რუსთავიდან აღნიშნავს, რომ მობილური ტელეფონის მოხმარების სიხშირე მის შემთხვევაშიც განსხვავდება დაქორწინებამდე პერიოდისგან, რადგან მის ქმარს "აქვს ასეთი შეხედულება, რომ სხვებმა არ უნდა დამინახონ ტელეფონით ხელში. ის ფიქრობს, რას იტყვის ხალხი, ჩემი ცოლი სულ ტელეფონით ხელში რომ ნახონო".

როლები და პასუხისმგებლობა

კვლევის თანახმად, როლები და პასუხისმგებლობა ქორწინების შემდეგ უმეტესად გენდერული ნიშნით არის განპირობებული. დოკუმენტის ავტორები ამბობენ, რომ მიუხედავად გამოკვეთილი ცვალებადი დინამიკასა, ეს მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებს ეხება - ძალზე მცირეა იმ მამაკაცების რიცხვი, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ოჯახებში გა­დაწყვეტილებების მიღების პროცესში ცოლებიც თანაბრად მონაწილეობენ და პასუხისმგებლობასაც იზიარებენ.


ფოტო: UNFPA GEORGIA
"რამდენიმე პოზიტიური გამონაკლისის გარდა და უმეტესწილად იმ ოჯახებში, რომლებიც მშობლებთან ერთად ცხოვრობენ, ფინანსურ გადაწყვეტილებებს მშობლები, ანუ "უფროსები" იღებენ. ინტერვიუების უმრავლესობაში იკვეთებოდა, რომ წყვილის ფინანსურ საჭიროებებს "ვაჟები ან მამები" აკმაყოფილებენ, რაც შეესაბამება მასკულინობის ხისტ განსაზღვრებებს. ამ ნორმების სოციალიზაცია იწყება ოჯახებში, როგორც ეს გამოიკვეთა 15 წლის გოგონების ფოკუსჯგუფში. ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა: "ჩემი აზრით, მამაკაცს აკის­ რია ოჯახში წამყვანი როლი... კაცებს უფრო მეტად აწუხებთ ფინანსურ მდგომარეობაზე ზრუნვა". პატრიარქალური ნორმები ახდენს გავლენას ცოლქმრულ ურთიერთობებზეც, როდესაც დედამთილი და მამათილი რძლის ქცევაზე კონტროლს აწესებს. რიგ შემთხვევებში ბიჭი ან ბიჭის ოჯახი ფინანსურ გადაწყვეტილებებზე ბევრად მეტს იღებს თავის თავზე და, მაგალითად, წყვეტს, უნდა განაგრძოს თუ არა გოგონამ სწავლა", - წერია კვლევაში.

კონფლიქტი და ოჯახში ძალადობა

დოკუმენტის მიხედვით, რესპონდენტებმა ოჯახური კონფლიქტის და ოჯახში ძალადობის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი დაასახელეს. მათგან ყველაზე გავრცელებულია კონფლიქტი რძალსა და დედამთილს შორის, რაც გამოწვეულია რძლის პატარა ასაკით და იმ არგუმენტით, რომ იგი სათანადოდ ვერ ასრულებს ოჯახში მის მოვალეობებს.

"შესაბამისად, შეძენილი ოჯახის წევრები ხშირად სახელდებოდნენ კონფლიქტების მაპროვოცირებლებად იმის ნიადაგზე, რომ რძალმა "არ იცის, როგორ მოამზადოს კერძი, როგორ მოუაროს სახლს, ან მისი ბავშვური პრინციპების გამო". ცნობილია, რომ ქმრის მშობლები აწესებენ გარკვეულ შეზღუდვებს რძლებისთვის, მაგალითად, უკრძალავენ გარკვეული ტიპის ტანისამოსის ტარებას, რაც ემოციური ძალადობის ტოლფასია და ქცევის გაკონტროლებად კვალიფიცირდება. ამას გარდა, კონფლიქტები ისედაც ხშირია ცოლ-ქმარს შორის. როგორც რესპონდენტები აღნიშნავენ, ქმრების მხრიდან ძალადობა ცოლის მიერ არასათანადოდ შესრულებული საოჯახო საქმის გამო გავრცელებული მოვლენაა", - აღნიშნულია კვლევაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენელმა თბილისიდან მაგალითად მოიტანა გოგონას ისტორია, რომელსაც უნდოდა სწავლის გაგრძელება და ისე დარეგისტრირდა სახელმწიფო გამოცდების ჩასაბარებლად ისე, რომ ქმარს არ შეუთანხმდა. ამის გამო ის გოგონას ფიზიკურად გაუსწორდა.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი წყვილების ოჯახებში ბავშვებიც ძალადობას განიცდიან, როდესაც მათ მამები იყენებენ დედების მიმართ ძალადობის უწყვეტ პროცესში.

გარდა ამისა, პოლიციელი ქვემო ქართლიდან აცხადებს:

"სამწუხაროდ, დიახ, იყო შემთხვევები, როდესაც ცოლი შემთხვევით ან განზრახ იქნა მოკლული. ბოლო წლებში ძალიან ბევრი მსგავსი შემთხვევა მოხდა".

განქორწინება

კვლევის რესპონდენტები ამბობენ, რომ ადრეული/ ბავშვობის ასაკში ქორწინება უფრო მეტი ალბათობით სრულდება განქორწინებით, რადგან მოზარდები მეტისმეტად ახალგაზრდები არიან იმისათვის, რომ აღიქვან ქორწინების არსი. უფრო მეტიც, ხშირად რძალსა და ქმრის ნათესავებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი ხდება განქორწინების მთავარი მიზეზი.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად განქორწინებების სიხშირისა, ამ პროცესთან დაკავშირებული სიძნელეები ბევრ ქალს აიძულებს, რთული პირობების მიუხედავად დარჩეს ქორწინებაში. განქორწინებული ქალის უფლებრივი მდგომარეობა სავალალოა, ხოლო მისი არჩევანი შეზღუდული, რადგან რელიგიური და ტრადიციული კანონებით აკრძალულია მიწის საკუთრების ქალიშვილებისთვის გადაცემა.

"თვლიან, რომ განქორწინებული ქალი ცუდია. განქორწინებული ქალი არის პოტენციური მეძავი, მას არავინ აღარ აკონტროლებს და ამიტომ შეუძლია ჰქონდეს თავისუფალი სქესობრივი ცხოვრება, რაც პირდაპირ ტრაგედიად განიხილება. ასევე მიიჩნევენ, რომ განქორწინებულ ბავშვიან ქალზე არავინ დაქორწინდება, ამიტომაც იგი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგება: სად წავიდეს, სად იცხოვროს? იმის გამო, რომ სახლი ქალს მემკვიდრეობით არ ერგება, ქალი ხდება უსახლკარო, რჩება ქუჩაში. ეკონომიკური პრობლემის გამო მას არ იღებს მშობლების ოჯახიც. ამის მიზეზი კიდევ ის არის, რომ სახლი ვაჟისაა და მშობლებს არ სურთ, უკან დაიბრუნონ საკუთარი ქალიშვილი. ქალს ფაქტობრივად წასასვლელი არ რჩება", - ამბობს აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი.

კაცისა და ქალის არათანაბარი სტატუსი უფრო ცხადად იკვეთება განმეორებითი ქორწინების შემთხვევაში. კვლევის მონაწილეები თანხმდებიან, რომ ქალი, რომელიც რამდენჯერმე დაქორწინდა, უფრო უარყოფითად აღიქმება, ვიდრე ვაჟი.

"რამდენადაც ვიცი, საზოგადოება არასოდეს აღიქვამს უარყოფითად ვაჟის განმეორებით ქორწინებას, მაგრამ გოგონასთან მიმართ დამოკიდებულება განსხვავებულია - ის თუ მეორედ დაქორწინდა, კრიტიკის საგანი ხდება", - ითქვა თბილისში, 15-16 წლის დაუქორწინებელ ბიჭებთან დისკუსიის დროს.

კვლევის ავტორების თქმით, გამოიკვეთა განქორწინების ორი ძირითადი მიზეზი. პირველი არის ის, რომ ადრეული ქორწინების დროს წყვილი ზედმეტად ახალგაზრდაა და ქორწინების სირთულეებს ვერ აცნობიერებს. ასევე, მათ უჭირთ, გაუმკლავდნენ იმ სირთულეებს, რომლებიც მათი ზრდის პროცესს ახლავს თან.

გარდა ამისა, განქორწინებას ხშირად მიაწერენ რძალ-დედამთილს შორის წარმოქმნილ კონფლიქტებს:

"ხშირად დედამთილები არიან განქორწინების მიზეზი, რადგან მათ სურთ, რომ რძლები მონებად აქციონ და როდესაც ისინი არ ემორჩილებიან, ყველა ღონეს მიმართავენ, რომ წყვილი დააშორონ", - ამბობს 30 წლის ქალი მარნეულიდან.


ფოტო: UNFPA GEORGIA

ჯანდაცვა და კონფიდენციალურობა

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მუშაკები ხშირად, სქესობრივ აქტივობას მხოლოდ ქორწინებასთან აკავშირებენ.

"ჯან­დაცვის ერთ-ერთმა მუშაკმა გვიამბო, რომ გინეკოლოგები ხშირად ეკითხებიან გოგონებს, არიან თუ არა ისინი დაქორწინებულები, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი სქესობრივად აქტიურები არიან", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები სა­უბრობენ კონფიდენციალურობის პრობლე­მებზე და იმაზე, თუ როდის და რა გზით უნ­და ჩაერიონ ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინებაში.

"გოგონები და მოზარდები განიცდიან უხერხულობას სერვისებზე წვდომის თვალსაზრისით, როცა სახალხოდ უხდებათ ამის გაკეთება და არა კონფიდენციალურად, რის გამოც ისინი უმეტესად თავს იკავებენ მსგავსი სერვისების მიღებისგან. ჯანდაცვის მუშაკმა თბილისიდან განაცხადა, რომ კონფიდენციალური სერვისების არარსებობა ნორმადაა ქცეული და აღნიშნა, რომ უფროსებს არ ესმით, რატომ არის მოზარდებისთვის კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანი", - ამბობენ კვლევის ავტორები.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ჯანდაცვის მუშაკების მიიჩნევენ, რომ ქორწინებისა და ურთიერთობების შესახებ შეკითხვის დასმა ოჯახურ სივრცეში შეჭრის ტოლფასი იქნებოდა.

"ექიმი აღწერს, როგორ უმკურნალა გოგონას ფიზიკურ პრობლემებს და, ამავე დროს, განმარტა: "მე, როგორც ექიმს, არ მაქვს უფლება, ვკითხო მას "თუ რატომ გათხოვდა". ქუთაისელმა ექიმმა ახსნა, თუ რატომ არ ჩაერია იგი პაციენტის საქმეში: "მე ყოველთვის ვეკითხები, ხომ არ ჰქონდა ადგილი ძალადობას სქესობრივი აქტის დროს. ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, როდესაც გოგონამ დადებითი პასუხი გამცა ამ შეკითხვაზე. დედამისმაც კი არ იცოდა ამის შესახებ და მე უფლება არ მქონდა, კიდევ დამესვა შეკითხვები". კიდევ ერთმა ჯანდაცვის მუშაკმა თბილისიდან გამოთქვა წუხილი, რომ მშობლებმა შეიძლება ექიმი დაადანაშაულონ ქორწინებაში შექმნილი პრობლემისთვის, თუკი იგი მაგალითად, პაციენტს კონტრაცეპტივს დაუნიშნავს. მეორე ექიმმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა, რატომ არ მიდიოდნენ დაუქორწინებელი გოგონები გინეკოლოგთან. მისი და სხვა რესპონდენტების პასუხებიდან ნათელი ხდება, რომ მოსაზრება, რომლის მიხედვით მხოლოდ ქორწინებაში მყოფი ქალები უნდა იყენებდნენ გინეკოლოგიურ სერვისებს (რადგან მხოლოდ ქალების ეს კატეგორიაა სქესობრივად აქტიური), უკვე ნორმად არის ქცეული და მასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებიც არ არსებობს", - ამბობენ კვლევის ავტორები.

ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი ფაქტორები

გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ ექსპერტებთან ინტერვიუების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც, საზოგადოების მიერ დასახელებულ მიზეზებთან ერთად, ხელს უწყობს ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინებას.

მათ შორისაა:

  • სიღარიბე;
  • შესაბამისი კანონმდებლობისა და ადრეული/ ბავშვობის ასაკში ქორწინების მავნე ზეგავლენის შესახებ ინფორმირებულობის დაბალი დონე;
  • სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანდაცვის საკითხებზე ინფორმირებულობის დაბალი დონე;
  • რელიგიური და კულტურული ფაქტორები;
  • სკოლის დამთავრების შემდეგ დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობები;
  • ქორწინება როგორც სახლში გამეფებული სიმკაცრის/ძალადობისგან თავის დაღწევის საშუალება;
  • მოტაცებით დაქორწინების შიში;
  • ქალის ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ნორმები;
  • გოგონების კომოდიფიკაცია (ნივთად აღქმა);
  • საცოლეში გადახდილი საფასური, ე.წ. "ყალიმი";
  • დაუქორწინებელ გოგონებთან დაკავშირებული სტიგმა;
  • გოგონების უუნარობა, წინ აღუდგნენ მშობ­ლების ნებას;
  • სიყვარული და ვნება;
  • ფიზიკური მიზიდულობა;
  • წყვილის სასიყვარულო ურთიერთობასთან დაკავშირებული ნორმები;
  • ნიშნობასთან დაკავშირებული ნორმები, რითაც იზრდება გოგონებზე კონტროლის მექანიზმი მათი რეპუტაციის დაცვის მიზნით;
  • სოციალური ინტეგრაციის ენობრივი ბარიერი, მომსახურების ხელმისაწვდომობა და კანონის ცოდნა.

ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების/კვეთის პრაქტიკა

კვლევის მიხედვით, ყველა რეგიონში რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ მოწიფულობაში გადასვლა რაიმე განსკუთრებული რიტუალით არ აღინიშნება, გარდა მამაკაცთა წინადაცვეთისა 7-12 წლის ბიჭებში, კონკრეტულ მუსლიმურ თემებში.

თუმცა,კახეთში, ეთნიკურად ავარ მოსახლეობასთან ინტერვიუების დროს, მონაწილეებმა მიუთითეს, რომ ხანდაზმული ქალების უმეტესობას ან თვითონ აქვს ჩატარებული პროცედურა, ან სმენია ამის შესახებ. UNFPA-ს ანგარიშის მიხედვით, ამ თემში ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება/ კვეთის პროცედურა Ia ტიპისაა, რაც გულისხმობს მხოლოდ კლიტორის ნაწილობრივ კვეთას.

"რამდენიმე ხანდაზმულმა რესპონდენტმა მიუთითა, რომ მათ შვილიშვილებს ჯერ არ ჩატარებიათ ეს პროცედურა. თუმცა ძირითადი სამიზნე ჯუფის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს პრაქტიკა ავარების ეთნიკური იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და შესაძლოა, პროცედურებმა უბრალოდ იატაკქვეშ გადაინაცვლა. რესპონდენტებმა ასევე აღნიშნეს, რომ ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება/ კვეთა ისეთივე რიტუალად მიიჩნევა, როგორც, მაგალითად, ნათლობა, და რომ ეს რიტუალი მჭიდროდაა დაკავშირებული რელიგიურ იდენტობასთან. ხანდაზმულმა რესპონდენტებმა განაცხადეს, რომ წარსულში რიტუალი გოგონებს ძირითადად ხუთი წლის ასაკში უტარდებოდათ, რადგან ეს ის ასაკია, როდესაც მათ შეუძლიათ განიცადონ ტკივილი",- აღნიშნულია კვლევაში.

დოკუმენტის მიხედვით, სხვა რესპონდენტებმა მიუთითეს, რომ ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება/ კვეთის შემთხვევათა რაოდენობის შემცირება შეიძლება მხოლოდ იმით იყოს გამოწვეული, რომ გარდაიცვალა ქალი, რომელიც სოფელში ამ რიტუალს ასრულებდა.

"ავარი რესპონდენტები კახეთიდან აცხადებდნენ, რომ ამგვარი შემთხვევების რიცხვის კლება სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შიშს უფრო უკავშირდება, ვიდრე იმ ზიანის გაცნობიერებას, რასაც ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების/კვეთის პრაქტიკა იწვევს", - ამბობენ კვლევის ავტორები.

მათი აზრით, ეს შიში შეიძლება განაპირობებდეს იმ გარემოებასაც, რომ რესპონდენტები თავს არიდებენ ამგვარი შემთხვევების გამჟღავნებას. შესაბამისად, მონაცემების მიხედვით ძნელია იმის გარკვევა, ახდენს თუ არა რესპონდენტთა პასუხებზე გავლენას საზოგადოებრივი აზრი, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება/კვეთა აღარ ხდება.

რეკომენდაციები

გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციებიც. მათ შორის არის:

  • მოქმედი კანონმდებლობის აღსრულება და, ამავე დროს, მაღალი ხარისხისა და ინკლუზიური სერვისების შეთავაზება და შესაძლებლობების შექმნა ახალგაზრდების მომავლისთვის;
  • სოციალური ნორმებისადმი გენდერული თვალსაზრისით ტრანსფორმაციული მიდგომის გამოყენება, ძირითად აქტორებთან მუშაობა, ახალგაზრდების სოციალიზაციისთვის საინტერესო სივრცეების შექმნა და გოგონების გაძლიერება;
  • ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ უფრო დაწვრილებითი მონაცემების შეგროვება.

კვლევის შესახებ

გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევა "ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების/კვეთის საზიანო პრაქტიკები საქართველოში" დღეს გამოქვეყნდა. წარმოდგენილ დოკუმენტში საუბარია თვისებრივ მიგნებებზე, რაოდენობრივი კვლევის ჩატარება 2018 წელს, საქართველოს სტატისტიკის სამსახურთან ერთად იგეგმება.

"ქვეყნის 11 მხარეში ჩატარებულ თვისებრივ ინტერვიუებსა და ფოკუსჯგუფებში დისკუსიებზე დაყრდნობით, კვლევამ ცხადყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქორწინების კანონით დაშვებულ ასაკთან და ჯანმრთელობისთვის შემცველ რისკებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონე მაღალია, ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება და, შესაბამისად ძირითადად 15-17 წლის გოგონების დაქორწინება გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს. გამოკითხულთა აზრით, ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება, როგორც იძულება, წარსულს ჩაბარდა, დღეს ამგვარი ქორწინება ახალგაზრდების თანხმობით ხდება და, შესაბამისად, იძულებად არ ითვლება მაშინაც კი, როდესაც მოზარდებს სხვა არჩევანი, გარდა ქორწინებისა, იშვიათად ეძლევათ. კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების ტენდენციები და ხელშემწყობი ფაქტორები მჭიდროდ უკავშირდება საზოგადოებაში ღრმად გამჯდარ გენდერულ ნორმებს, რომელიც ამ რეგიონში კომპლექსურობით ხასიათდება და შემდგომ შესწავლას საჭიროებს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

თვისებრივი მონაცემები შეგროვდა საქართველოს 10 რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში: აჭარაში, გურიაში, იმერეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში. ასევე, ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში.

მონაცემთა შეგროვება მიმდინარეობდა სამ ენაზე - ქართულად, აზერბაიჯანულად და სომხურად ინტერვიუერების მიერ, რომლებისთვისაც ეს ენები მშობლიურია.

2017 წლის კვლევა საქართველოში ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის შესახებ განხორციელდა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ Promundo-US თან თანამშრომლობით და გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით.

კომენტარები