ევკალიპტი

დმანისის ფონდი ევკალიპტს კარგავს - კონტრაქტის მიხედვით ფონდმა ხე ადგილიდან უნდა გადაიტანოს

"მყიდველი ვალდებულია თანხის სრულად გადახდის დღიდან, საკუთარი სახსრებით 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს შეძენილი ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან", - წერია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე ევკალიპტის პრივატიზების აუქციონის პირობებში.

ეს ნიშნავს, რომ დმანისის გადარჩენის ფონდმა ხის შესყიდვით მისი გადატანის ვალდებულება აიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საკუთრების უფლებას დაკარგავს.

"რა თქმა უნდა იმისთვის ვიყიდეთ რომ ხე ადგილზე დარჩეს, დავას ვაპირებთ წინააღმდეგ შემთხვევაში", - განუცხადეს ტაბულას დმანისის გადარჩენის ფონდში.

27 მარტს მწვანე კონცხზე მდებარე ევკალიპტი დმანისის გადარჩენის კომიტეტმა 20 ათას ლარად იყიდა. მაშინ ორგანიზაცია ამბობდა, რომ მათ ხე გადაარჩინეს. ამ ხის შეძენას ბიძინა ივანიშვილი გეგმავდა, ის შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციის მიმდებარედ მდებარე დენდროლოგიურ პარკში უნდა გადაეტანათ.

ევკალიპტის ღირებულების დასაფარად კომიტეტმა საქველმოქმედო ანგარიში გახსნა და მოსახლეობისგან შემოწირულობები შეაგროვა.

ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: 

  • 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა უკან აღარ დაუბრუნდება.
  • მყიდველი ვალდებულია თანხის სრულად გადახდის დღიდან, საკუთარი სახსრებით 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს შეძენილი ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან.

ხის საწყისი ფასი 7,000 ლარი იყო, საბოლოოდ ფონდმა მასში 20,020 ლარი გადაიხადა.

მოგებული საყდრისი და გადასახდელი 5 მილიონი

ამ აუქციონამდე გიორგი ვაშაძემ 5 მილიონად მოიგო აუქციონი, რომელზეც საყდრისის მიმდებარედ 16 ჰექტარზე წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემოდა. ამ აუქციონში მონაწილეობას თავდაპირველად საყდრისის გადარჩენის ფონდი გეგმავდა, თუმცა ფონდი აუქციონის სისტემაში ვერ დარეგისტრიდა, ამიტომაც მასში მონაწილეობა მხოლოდ ვაშაძემ მიიღო.

დმანისის გადარჩენის ფონდი 14 ორგანიზაციას აერთიანებს.

კომენტარები