სავალდებულო დაზღვევა

სახელმწიფო გეგმავს დააჯარიმოს ყველა ობიექტი, რომელიც სავალდებულო დაზღვევას არ შეიძენს

Reuters

საქართველოს პარლამენტი განიხილავს მთავრობის მიერ შექმნილ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც კომერციული ობიექტები მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სავალდებულო დაზღვევის არქონისთვის დაჯარიმდებიან.

2018 წლის პირველი მარტიდან საქართველოში სავაჭრო ცენტრების, ავტოგასამართი სადგურების, ბაზრობებისა და 100 ნომერზე უფრო დიდი სასტუმროების სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდა.

ობიექტის მფლობელი ვალდებულია აიღოს მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სადაზღვევო პაკეტი. ეს ნიშნავს, რომ თუ ბაზრობას ან სასტუმროს მიადგა ზიანი, რამაც გამოიწვია სხვა მესამე პირებისთვის (მაგალითად ობიექტის მოიჯარეებისთვის, ან სტუმრებისთვის) მატერიალური ზარალი, ამ პირებს სადაზღვევო კომპანია ზარალს აუნაზღაურებს.

პროექტის მიხედვით, დაზღვევის არქონა სხვადასხვა ობიექტისთვის განსხვავებული ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. მაგალითად, ბაზრობებისა და კომერციული ობიექტებისთვის ჯარიმა 1000 ლარი იქნება, ხოლო 100 ნომერზე დიდი სასტუმროებისთვის ჯარიმა 5000 ლარი იქნება.

ცვლილება დაახლოებით 120 სასტუმროს, 200 ბაზრობას და 1900 ავტოგასამართ სადგურს ეხება.

რაც შეეხება 27 თებერვალს დამწვარ სავაჭრო ცენტრ თერგს, ობიექტი დაზღვეული არ იყო. დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ობიექტის მეპატრონეები სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების დასადებად ემზადებოდნენ.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრობებზე დაზარალებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სადაზღვევო ლიმიტი 300,000 ლარია, ხოლო ობიექტში არსებული მეწარმე სუბიექტების ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე (თითოეულ მეწარმეზე) 15 000 ლარის ლიმიტი, ჯამში არაუმეტეს 15 მილიონი ლარისა.

კომენტარები