ბულინგი

განათლების სამინისტრო: ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლა ერთერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია

telegraph.co.uk

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ არასრულწლოვანის ვიდეოს ეხმაურება, სადაც მოზარდის მიმართ ძალადობისა და ბულინგის ფაქტები იკვეთება. 

სამინისტროს განცხადებით, უწყების ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები იმუშავებენ როგორც არასრულწლოვნებთან, ისე მათი ოჯახის წევრებთანაც. ამასთან, მათივე განცხადებით, ფაქტს დამატებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აუდიტის სამსახურიც შეისწავლის. 

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ბულინგის წინააღმდეგ ქმედითი და აქტიური ღონისძიებების გატარება ერთერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მისასალმებელია, რომ საზოგადოება ასეთი პროცესების აქტიური მოკავშირეა, რადგან ბულინგისა და ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზე სწორი რეაგირება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა,"- წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

FACEBOOK-სა და YOUTUBE-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც არასრულწლოვანს, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები, ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. 

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) და 157-ე პრიმა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები