სახე.დეპ-ი: გაიზარდა აღქმა, რომ მედია მეტად კონცენტრირებულია მმართველი პარტიის სასარგებლოდ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშში ქართული მედიის შესახებ არის საუბარი. სახელმწიფო დეპარტამენტი პრობლემად თვლის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ცვლილებას და გადაცემების დახურვას, კანონპროექტს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას აძლევს, ასევე სამი ტელეკომპანიის იმედის, GDS-სა და მაესტროს ერთ ჰოლდინგად გაერთიანებას.

"დამოუკიდებელი მედია ძალიან აქტიური იყო და მრავალ სხვადასხვა ხედვას გამოხატავდა. თუმცა, 3 სატელევიზიო არხის - იმედის, მაესტროს და GDS-ის გაერთიანებამ, რასაც თან დაერთო საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ცვლილება, გააუარესა მედია პლურალიზმი და გაზარდა საზოგადოების აღქმა, რომ მედია სულ უფრო კონცენტრირებულია მმართველი პარტიის სასარგებლოდ. 

4 ნოემბრის განცხადებაში, 29 არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა წუხილი მთავრობის გავლენის ზრდასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული ადამიანების დანიშვნის გამო. პარლამენტმა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში შეავსო სამი ვაკანტური ადგილი ისე, როგორც ამას საზოგადოება ითხოვდა, თუმცა მაუწყებლის შესახებ კანონში კონტრავერსული ცვლილებების მხარდაჭერამ გაზარდა შეშფოთება არხის რესტრუქტურიზაციის პროცესის გამჭვირვალობის და საზმაუს უმაღლეს მენეჯმენტში ძალაუფლების კონცენტრაციის შესახებ. ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა 22 დეკემბერს მიიღო [ცვლილებები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას აძლევს], აჩენს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ძალაუფლების გაზრდის, სამეურვეო საბჭოს შესუსტების, კორუფციის გაზრდის და თანამშრომელთა დაცვის მექანიზმის შესუსტების საფრთხეს", - ნათქვამია ანგარიშში. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე საუბრობს "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოხატულ წუხილზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების დახურვის გამო. 

მედიის თავისუფლების ნაწილში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე საუბრობს მარნეულის "სათემო რადიოს" დირექტორის, კამილა მამედოვას ივლისში გაკეთებულ განცხადებებზე მისი და თანამშრომლების მიმართ გამოთქმული მუქარის შესახებ. 

"კამილა მამედოვამ, მარნეულის სათემო რადიოს დირექტორმა, მარნეულის პოლიციას მიმართა, გამოეძიებინათ "ზეწოლა მთავრობისა და მასთან აფილირებული პირებისგან, რაც, მისი თქმით, რადიოს კრიტიკულობის გამო ხორციელდებოდა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, კამილა მამედოვამ თქვა, რომ მას და მისი თანამშრომლებს ემუქრებოდნენ. მარნეულის პოლიციამ ერთი თვის შემდეგ მათ შეატყობინა, რომ გამოძიების დაწყებისთვის საკმარისი საფუძველი არ არსებობდა", - წერია ანგარიშში. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2017 წლის ანგარიში 20 აპრილს გამოაქვეყნა. 

კომენტარები