კრიმინალი

ავტომანქანების გაქურდვისა და მოპედების ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების არაერთგზის ქურდობის ბრალდებით დანაშაული დაჯგუფების წევრები დააკავეს.

"სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი მოქალაქის კუთვნილ მოპედს იპარავდნენ.

პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული 3 მოპედი და ავტომობილის ნაქურდალი საბურავები ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ სხვადასხვა დროს მოპარული საბურავები და უკანონოდ გასხვისებული აკუმულატორები", - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ნაქურდალი სატრანსპორტო საშუალებების და ავტომობილების ნაწილების კანონიერ მფლობელების ვინაობის დადგენა.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ სამივე ბრალდებული - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ. ტ., 1998 წელს დაბადებული ა. გ. და 1995 წელს დაბადებული გ. ვ., ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები